გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე

ვლადიმერ ვასილის ძე გვანცელაძე დაიბადა 1919 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - მდ. დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.

როდესაც ვ. გვანცელაძემ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო, მის 91-ე არმიის საინჟინრო ბატალიონში ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია. 1943 წლის სექტემბერში გვანცელაძეს დაევალა ჯარისკაცებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბორნის მართვა, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადაყვანის მიზნით. როგორც ცნობილია, გერმანელი ნაცისტები გააფთრებით იცავდნენ დნეპრის ბუნებრივ გამყოფ ხაზს და ყველა ძალით ცდილობდნენ, არ დაეშვათ წითელი არმიის მიერ მარჯვენა სანაპიროს დაკავება და ამ სანაპიროზე გამაგრება. გვანცელაძის მიერ მართულ ბორანს გერმანელებმა საარტილერიო  ჭურვების სეტყვა დააყარეს. ქართველმა გმირმა ბორანი მოხერხებულად მართა, იგი ხან უმატებდა, ხან აგდებდა მის სიჩქარეს, რითაც მოწინააღმდეგის არტილერისტებს ზუსტი დარტყმების განხორციელებაში უშლიდა ხელს. 

გვანცელაძემ იმ დღეებში 113 (!) რეისი შეასრულა და საკუთარი სიცოცხლე არც ახსოვდა, მან 1295 საბჭოთა მსროლელი, 36 ტონა სურსათ-სანოვაგე, 8 ქვემეხი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით შეიარაღებული ერთი შენაერთი გადაიყვანა და გადაიტანა, უკანა გზაზე გი 80 დაჭრილი ჯარისკაცი გადმოიყვანა. მტრის ცეცხლმა ორჯერ დააზიანა ბორანი, მაგრამ გვანცელაძე არ შედრკა. იგი არ შედრკა მაშინაც, როდესაც სრულიად დაუცველს ბორანზე, მას ტყვიამფრქვევიდან ესროდნენ, ოთხმა ტყვიამ ბორნამდე მიაღწია კიდეც, მაგრამ ქართველმა გამნაღმველმა დავალება იდეალურად შეასრულა.

ყველაზე ახლოს სიკვდილთან გვანცელაძე 11 ოქტომბერს იყო, როდესაც მას ბორნით 19 დაჭრილი მებრძოლი გადმოჰყავდა უკან, მარცხენა სანაპიროზე. მოწინააღმდეგის ცეცხლს იგი ამჯერად მანევრირებით ვერ გაექცა, ჭურვი ბორანთან ძალიან ახლოს აფეთქდა, გვანცელაძე ფეხში დაიჭრა, ხოლო ბორანი კურსს ასცდა. სიკვდილი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ გვანცელაძემ ბოლო ძალები მოიკრიბა და ბორანი შემოაბრუნა და მშვიდობით მიაღწია ნაპირს. ყველა გადარჩა. მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა ხელმძღვანელობამ მამაცი ქართველი მეთაურის გადაყვანა სანიტარულ ნაწილში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება