კავკასიის (კავკასიისთვის) ბრძოლა 1942-1943 წ.წ.

კავკასიის (კავკასიისთვის) ბრძოლა (რუს.: Битва за Кавказ)— სამხედრო ოპერაციების ერთობლიობაა დიდი სამამულო ომის ფარგლებში, განხორციელებული საბჭოთა კავშირის არმიების მიერ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის დაცვის და გათავისუფლების მიზნით (1942 წლის 25 ივლისი — 1943 წლის 9 ოქტომბერი). 

კავკასიისთვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ სამხრეთის, ჩრდილო-კავკასიის და ამიერკავკასიის ფრონტები, შავი ზღვის ფლოტი, აზოვისა და კასპიის სამხედრო ფლოტილიები.

გერმანიის შეიარაღებული ძალების — ვერმახტის მთავარ ამოცანას 1942 წლის კამპანიის დროს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების დამარცხება, მდინარე ვოლგასა და კავკასიონზე გასვლის შედეგით. გერმანია საჭიროებდა ამ რეგიონის ნავთობით მდიდარ საბადოებს, რათა განეგრძო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი, ხოლო თავად საბჭოეთი რესურსების გარეშე დაეტოვა. 

კავკასიის დაპყრობის გეგმა სტალინგრადის მიმართულებით შეტევის პარალელურად იქნა გამომუშავებული (1942 წლის 23 ივლისის დირექტივა #45 — «ოპერაცია ედელვაისი» — გერმ.: «Unternehmen Edelweiß»), რაც წარმოადგენდა ჯერ კიდევ ივნისის თვეში მიღებული გეგმის სახელწოდებით «ბლაუ» — «ლურჯი (გეგმა)» (გერმ.: «Fall Blau» ან «Unternehmen Blau») გაგრძელებას. როსტოვის აღების შემდეგ, გერმანული ჯარების ერთ ნაწილს დაევალა კავკასიის ქედისთვის დასავლეთიდან შემოვლა და ნოვოროსიისკისა და ტუაპსეს აღება, მეორე ნაწილი კი აღმოსავლეთისკენ უნდა დაძრულიყო და თავისი შეტევა გროზნოსა და ბაქოს დაპყრობით უნდა დაეგვირგვინებინა. ყოველივე ამის პარალელურად, გეგმა მიზნად ისახავდა საბჭოთა დაცვის გარღვევას კავკასიის ქედის ცენტრალურ ნაწილში და, შესაბამისად, თბილისის, ქუთაისისა და სოხუმის აღებას. 

გერმანელებს სურდათ შავი ზღვის ფლოტის ბაზების პარალიზებაც და გზის გახსნა თურქეთის ჯარებისათვის. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 26 დივიზია უკვე მობილიზებული იყო საბჭოთა კავშირის საზღვრებთან. საქართველოსა და კავკასიაში შემოჭრის შემდეგ,  თურქები, გერმანელებთან ერთად, უკვე ახლო და შუა აზიის მიმართულებისკენ გაიკაფავდნენ გზას.

კავკასიაში შეჭრა დაევალა არმიათა ჯგუფ „A“-ს (სარდალი — გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ლისტი). ეს ჯგუფი შედგებოდა 1-ლი და მე-4 სატანკო არმიებისგან, მე-17 და მე-3 რუმინული არმიებისგან, მე-4 საჰაერო ფლოტისგან (167 ათასი კაცი, 1130 ტანკი, 1000 თვითმფრინავი). მათ წინ აღუდგა სამხრეთის ფრონტის შვიდი დასუსტებული საბჭოთა არმია (გენერალ-პოლკოვნიკი როდიონ მალინოვსკი) 112 ათასი კაცით, 121 ტანკითა და 130 თვითმფრინავით. მალინოვსკის რეზერვში სულ ორი დივიზია ჰყავდა. საბჭოთა ჯარებმა ვერ მოასწრეს თავიანთი დამცავი პოზიციების სრულად მომზადება, მათ ჰქონდათ სამხედრო აღჭურვილობისა და საწვავის მწვავე დეფიციტი. 

არმიათა ჯგუფი «А» 25 ივლისს მდინარე დონის ქვემო წელზე დაკავებული პლაცდარმებიდან შეტევაზე გადავიდა. ორი დღე-ღამის განმავლობაში მათ 80 კილომეტრი გაიარეს. მათი სატანკო და მოტორიზებული ნაწილები კრასნოდარის მხარის სტეპურ სივრცეებზე გავიდნენ და უკვე შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გარღვევის საფრთხე. 28 ივლისს უმაღლესი მთავარსარდლობის სტავკამ სამხრეთის ფრონტის არმიები, რომლებმაც დონიდან სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით დაიხიეს, დაუქვემდებარა ჩრდილო კავკასიის ფრონტს მარშალ სემიონ ბუდიონის სარდლობის ქვეშ. ოპერატიული თვალსაზრისით ბუდიონის ასევე დაექვემდებარა შავი ზღვის ფლოტი (სარდალი — ვიცე-ადმირალი ფ. ოქტიაბრსკი) და აზოვის სამხედრო ფლოტილია (სარდალი კონტრ-ადმირალი ს. გორშკოვი). ფრონტის წინაშე დაისახა ამოცანა, ნებისმიერი საშუალებით აღმდგარიყო დონის სამხრეთ სანაპიროზე უწინ არსებული მდგომარეობა. ივლისის ბოლოს ამიერკავკასიის ფრონტის ჯარები (სარდალი — არმიის გენერალი ი. ტიულენევი), რომელიც თავის განკარგულებაში მყოფი ჯარების ნაწილით თურქეთის საზღვარს იცავდა, შეუდგა კავკასიის ჩრდილოეთ წინამთიანეთში და კავკასიის მთავარ ქედზე გამავალი უღელტეხილების დაკავებას.  აქ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთის ჯგუფი (სარდალი — გენერალ-ლეიტენანტი ი. მასლენიკოვი), რომელიც გროზნოსა და მახაჩკალის მისადგომებს ფარავდა. 1 სექტემბრიდან ჩრდილო-კავკასიის ფრონტი, რომელსაც გადაერქვა სახელი შავი ზღვის ჯგუფად (სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ი. ჩერევიჩენკო) ამიერკავკასიის ფრონტის შემადგენლობაში შევიდა. 

 

გერმანელების შეტევა თავდაპირველად ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა. აგვისტოს შუა რიცხვებამდე მათ დიდი ზიანი მიაყენეს საბჭოთა შენაერთებს და ისინი დონიდან მდინარე ყუბანამდე შეავიწროეს, შემდეგ კი ყუბანზეც აღარ დააყენეს და კავკასიის დასავლეთ წინამთიანეთამდე დაახევინეს უკან. 5 აგვისტოს ნაცისტებმა სტავროპოლი აიღეს, 9 აგვისტოს — მაიკოპი, 12 აგვისტოს — კრასნოდარი და პიატიგორსკი. მაგრამ, ამ წარმატებების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს კავკასიის წინამთიანეთის შემოვლა დასავლეთის მხრიდან და შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა. 25 აგვისტოს არმიათა ჯგუფი «А» მოზდოკში შევიდა, რომელიც გროზნოდან 93 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დაახლოებით ასეთივე მანძილი ჰყოფდა გერმანელებს კასპიის ზღვის სანაპიროსგან.

19 აგვისტოდან, მძაფრი ბრძოლები გაჩაღდა ნოვოროსიისკის მიმართულებით, სადაც შეტევაზე გერმანელთა მე-17 არმია მოდიოდა. ქალაქის აღება პირდაპირ მათ ვერ მოახერხეს, მაგრამ 28 აგვისტოს განაახლეს შეტევა და საბჭოთა 47-ე არმიის მარცხენა ფლანგი გაარღვიეს. 31 აგვისტოს ნაცისტები შავი ზღვის სანაპიროზე გავიდნენ, მათ დაიკავეს ანაპა. საბჭოთა ჯარებმა უკან დაიხიეს და დატოვეს ტამანის ნახევარკუნძული, სადაც ყირიმიდან სექტემბრის დასაწყისში კიდევ 6 გერმანული დივიზია გადმოვიდა. ამ რეზერვებით მე-17 არმიის ჯარებმა 10 სექტემბრამდე მოახერხეს ნოვოროსიისკის დიდი ნაწილის აღება, თუმცა წინსვლა მთების გადავლით, ქალაქ ტუაპსისაკენ ვეღარ განხორციელდა. გერმანელებს წინ ამიერკავკასიის ფრონტის შავი ზღვის ჯარები აღუდგნენ. მიუხედავად ამისა, გერმანელებს ჰქონდათ მცდელობა, ამიერკავკასიაში კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილიდან და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან, შემოჭრილიყვნენ, უღელტეხილების გადმოლახვის შედეგად. ფრონტის ამ ნაწილზე მოქმედებდნენ ყველაზე გამოცდილი გერმანული (ბავარიული), ავსტრიული (ტიროლელები) და ასევე იტალიური ნაწილები, რომელთა რიგებში საუკეთესოდ მომზადებული ალპინისტებიც იყვნენ - საუბარია ვერმახტის 1-ლ სამთო დივიზიაზე, რომლის ემბლემა იყო მთის თეთრი ყვავილი „ედელვაისი“. ზოგიერთი უღელტეხილი მტერმა დაიკავა კიდეც, მაგრამ კავკასიის დამცველი ჯარების დიდი ძალისხმევით, იმის საფრთხე, რომ ნაცისტები კავკასიონის სამხრეთით შემოიჭრებოდნენ, მოიხსნა, რაშიც დიდი წვლილი გენერალ კ. ლესელიძის 46-ე არმიას მიუძღვის.

გენ. კონსტანტინე ლესელიძე (1942 წლის ფოტო)

31 აგვისტოს გერმანელებმა განაგრძეს შეტევა მეორე მიმართულებით, ყაბარდოდან ოსეთის და ჩაჩნეთ-ინგუშეთისკენ, იმ იმედით, რომ გროზნოს ნავთობით მდიდარ რაიონებს დაიკავებდნენ. 2 სექტემბერს 1-ლი სატანკო არმიის ნაწილებმა სცადეს გროზნოსკენ გაჭრა, მაგრამ ჩრდილოეთის დაჯგუფების ძალებმა მტერს მძიმე ბრძოლები მოახვიეს თავს და შეძლეს გერმანელების შეჩერება ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე. 

1942 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის, წითელი არმიის ამიერკავკასიის ფრონტის წინაშე იდგა 26 გერმანული დივიზია. ფაშისტებს უკვე ამოეწურათ საჯარისო სტრატეგიული რეზერვები და მთელ ფრონტზე ერთდროული შეტევა აღარ შეეძლოთ. ამიტომ ჰიტლერულმა სარდლობამ გადაწყვიტა, თანმიმდევრულად შეეტია ჯერ შავი ზღვისპირა ქალაქ ტუაპსისათვის, შემდეგ ორჯონიკიძისთვის (ვლადიკავკაზი). მტერი მოზდოკისა და ხადიჟენის დაჯგუფებებს აძლიერებდა, რათა გადაეკეტა საქართველოს სამხედრო გზა და წითელი არმიის ჩრდილოეთის დაჯგუფებისთვის რეზერვების მიწოდების საშუალება მოესპო. ამ მომენტისათვის გერმანული სარდლობა ვარაუდობდა, რომ სტალინგრადი მალე დაეცემოდა, რაც მათ კავკასიაში 1-ლი სატანკო არმიის გაძლიერების საშუალებას მისცემდა, სტალინგრადის დაჯგუფების ხარჯზე, რის შემდეგაც გერმანელები მახაჩყალისა და ბაქოსკენ დაიძრებოდნენ.[1] 

კავკასიის ბედი დიდწილად დამოკიდებული იყო სტალინგრადისთვის მიმდინარე ბრძოლებზე და პირიქით, სტალინგრადის ბედი კავკასიაში მოვლენების განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ნოემბრის პირველ ნახევარში ვერმახტმა სტალინგრადის რეალურად დაპყრობის საფრთხე შექმნა, თუმცა ამ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად, წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობის გამო, ძალები არ ჰყოფნიდა და კავკასიიდან ნაწილ-ნაწილ ახორციელებდა ძალების სტალინგრადისაკენ გადამისამართებას (ჯერ კიდევ სექტემბერში, სტალინგრადისკენ კავკასიიდან მე-3 რუმინული არმია გადაისროლეს). როგორც ზემოთ აღინიშნა, გერმანელები რეზერვების ნაკლებობას განიცდიდნენ უსაშველოდ გაწელილ ფრონტის ხაზზე - კავკასიონის ქედიდან, ყალმუხეთის სტეპებზე, ვიდრე სტალინგრადამდე.  სტალინი და მისი სტავკა სწორად აფასებდნენ ვითარებას და ჩრდილოკავკასიისა (ს. ბუდიონი) და ამიერკავკასიის (ი. ტიულენევი) ფრონტების ჯარებს ირიბად სტალინგრადში და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ზეგავლენისთვისაც იყენებდნენ, რათა არ მომხდარიყო კავკასიიდან სტალინგრადისკენ მნიშვნელოვანი რაოდენობის გერმანული ჯარების გადასროლა. ეს ამოცანა კავკასიის ფრონტმა მთლიანობაში შეასრულა: ჩრდილო კავკასიაში შემოჭრილი გერმანული არმიები, თავიანთი მოქმედებით, არსებითად ვერ დაეხმარნენ სტალინგრადში ალყაშემორტყმულ პაულუსის არმიას, საკუთრივ კავკასიის დაპყრობაზე ხომ, 1942 წლის ნოემბრიდან, ლაპარაკიც ზედმეტი იყო. გერმანელებმა ვერც ტუაპსე აიღეს, ვერც ორჯონიკიძე და ვერც გროზნო. მაშასადამე, მათი სტრატეგიული შეტევა როგორც კავკასიის დასავლეთის ფლანგზე, ისე აღმოსავლეთისაზე, ჩავარდა. მით უფრო არ გამოვიდა კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილის პირდაპირი გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით. ასე დასრულდა გერმანელების და მათი მოკავშირეების შეტევა კავკასიაში, რაც, პრინციპში, გიგანტური მასშტაბის ავანტიურა იყო.

ეს ავანტიურა გერმანელებმა, სხვათა შორის, იმ იმედით წამოიწყეს, რომ კავკასიის ხალხები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ (1940-41 წლებში, ჩაჩნეთ-ინგუშეთში ხასან ისრაილოვის ანტისაბჭოთა ბუნტი მოხდა, შეიარაღებული ბანდები მთებში იყვნენ გახიზნულნი). გერმანელთა რიგებში რამდენიმე ათასი კავკასიელი და მათ შორის, ქართველი ემიგრანტი იბრძოდა, რომელთაც შთააგონეს, რომ „სამშობლოს გაათავისუფლებენ ბოლშევიზმისგან“. თუმცა არც კავკასიური აჯანყება მოხდა (ჩაჩნეთ-ინგუშეთში 1942 წლის მეორე ნახევარში, ნაცისტების აგენტურული ქსელის გააქტიურებისა და ეპიზოდური ბრძოლების გარდა) და საბჭოთა არმიის ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ბერლინში ჯერ კიდევ 1942 წლის აგვისტოში მიხვდნენ, რომ მიუხედავად ჯარების სწრაფი წინსვლისა კავკასიის მიმართულებით, საქმეს კარგი პირი არ უჩანდა და წითელი არმია მედგარ წინააღმდეგობას განაგრძობდა. ნაცისტური გერმანიის «ფიურერმა» ადოლფ ჰიტლერმა 9 სექტემბერს არმიათა ჯგუფ "A"-ს სარდალი ფელდმარშალი ლისტი საყვედურით მოხსნა და არმიათა ამ ჯგუფს თავად ჩაუდგა სათავეში. გერმანელთა მართვის კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ სექტემბრის ბოლოს ფრანც ჰალდერი გადადგა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან. არმიათა ჯგუფ "A"-ს ჰიტლერი 22 ნოემბრამდე მეთაურობდა უშუალოდ, შემდეგ კი სარდლად ევალდ ფონ კლაისტი დანიშნა.

კავკასიის თავდაცვაზე როცა ვსაუბრობთ, ძნელია, გვერდი ავუაროთ ლავრენტი ბერიას დამსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ ბერიას როლის დადებითი მხარეების აღნიშვნა, ნიკიტა ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული, ათწლეულების მანძილზე ტაბუდადებული იყო. დღეს, ასე თუ ისე, ობიექტური შეფასებებიც არსებობს, ფაქტებიდან გამომდინარე. მაშ ასე, კავკასიის დაცვა და ბერია: 

„[1942 წ.] 18 აგვისტოს ბერია მონაწილეობას ღებულობს სტალინთან თათბირში, ისევე, როგორც 21 აგვისტოს ღამეს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გენშტაბის გენერლები ბოდინი და ბოკოვი. მაგრამ უკვე 21 აგვისტოს დილით, ბერია გენერლების და ოფიცრების ჯგუფთან ერთად, შუა აზიის გავლით, თბილისში გადაფრინდა. მოსკოვში იგი მხოლოდ 17 სექტემბერს დაბრუნდა და, არასრული ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, აღადგინა კავკასიის ფრონტი და მოახდინა კავკასიაში ვითარების სტაბილიზაცია. 

დაპატიმრების შემდეგ [1953 წ.] სტატია ლ. ბერიას შესახებ და მისი პორტრეტი ამოჭრილი იქნა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან. მაგრამ დანის ერთი გასმით ბერიას ამოჭრა საბჭოთა ისტორიიდან არ მოხერხდა. მაგალითად, იმავე დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (БСЭ) მე-13 ტომში, სტატიაში „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, 53-ე გვერდზე, ამოუჭრელი დარჩა (ან კი როგორ ამოჭრი?!) შემდეგი სტრიქონები: „1942 წლის ზაფხულში, უზარმაზარი დანაკარგების ფასად, გერმანელი ფაშისტი დამპყრობლები დიდი კავკასიონის ქედის კალთებამდე მივიდნენ. ი. ბ. სტალინის დავალებით, სსრკ-ის ხალხებისთვის ამ საშინელ დღეებში, ლ. პ. ბერია სათავეში ჩაუდგა კავკასიის თავდაცვას. ლ. პ. ბერიამ მჭიდროდ დაუკავშირა ზურგის მუშაობა ფრონტს და უზრუნველჰყო სტალინის გეგმის ბრწყინვალე განხორციელება, გერმანელ ფაშისტთა ძალების კავკასიაში გასანადგურებლად“.[2]

სწორედ ბერია ღებულობდა სწორ გადაწყვეტილებებს უზარმაზარი საორგანიზაციო სამუშაოების ფარგლებში, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებებს. ბერიას სწორ საკადრო მიგნებებს შორისაა გენერალ კონსტანტინე ლესელიძისთვის 46-ე არმიის სარდლობის ჩაბარება, უმაღლესი მთავარსარდლობის სტავკის მიერ (27 აგვისტოს). ბერიას კოორდინაციის ქვეშ, კავკასიის და კერძოდ, საქართველოს, მნიშვნელოვან გადასასვლელებსა და მარშრუტებზე მოეწყო წინაღობები, თადარიგი იქნა დაჭერილი საქართველოს სამხედრო გზაზეც, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მთის ფერდობები ჩამოშლილიყო გზის ჩასახერგად. მოეწყო საცეცხლე წერტილები, გაითხარა სანგრები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. ბავარიელი და ტიროლელი სამთო-მსროლელი ბატალიონების საპირწონედ, შეიქმნა ადგილობრივთაგან დაკომპლექტებული სამთო-მსროლელი ბატალიონები. ასევე ჩამოყალიბდა სნაიპერთა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შინსახკომის გენერალ ნესტორ ლაბაძის მეთაურობით, ეფექტურად ებრძოდნენ მტერს ტუაპსესა და აფხაზეთის მიმართულებით. მეორედ, კავკასიაში ბერია 1943 წლის მარტში ჩამოვიდა უახლოეს გარემოცვასთან ერთად, როდესაც საბჭოთა ჯარები ფაშისტებს უკან, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მიერეკებოდნენ.

საბჭოთა ჯარებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს კავკასიის დაცვის საქმეში. აღნიშნული მომენტისთვის წითელ არმიას ფრონტის ამ მხარეს 192 ათასი ადამიანი ჰყავდა დაღუპული, თუმცა გერმანელებიც ფრიად დაზარალდნენ 100-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცითა და ოფიცრით. გერმანელების რიგები კიდევ უფრო შეთხელდა სტალინგრადისკენ ნაწილ-ნაწილ გაგზავნილი დამატებითი ჯარების გამოც. რაც მთავარია, საბჭოთა ჯარების ბრძოლისუნარიანობა განმტკიცდა, მათ დაემატათ რეზერვები და, მას შემდეგ, რაც თავდაპირველი რიცხოვნული უმცირესობიდან, წითელმა არმიამ ცოცხალ ძალასა (1 მლნ. წითელარმიელი 800 ათასი ნაცისტის წინააღმდეგ) და საბრძოლო ტექნიკაში უპირატესობა მოიპოვა, 1943 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო კავკასიისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი — საბჭოთა ჯარების შემტევი ოპერაციები გერმანელების წინააღმდეგ და ჩრდილო კავკასიის მათგან გათავისუფლება. 

კავკასიის გათავისუფლების ეტაპი

საბჭოთა უმაღლესი მთავარსარდლობის სტავკის გადაწყვეტილებით, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი ერიომენკოს სამხრეთის ფრონტი (შეიქმნა სტალინგრადის ფრონტის ბაზაზე, 1943 წლის 1-ლ იანვარს) შეტევაზე გადავიდა როსტოვის მიმართულებით, ძალთა ნაწილით კი — ტიხორეცკის მიმართულებით. ამიერკავკასიის ფრონტის შავი ზღვის ჯარების ჯგუფს (24 იანვრიდან — ჩრდილო კავკასიის ფრონტი) დაევალა 1-ლი გერმანული სატანკო არმიის დევნა და მისთვის დარტყმების მიყენება, მოზდოკის და არმავირის მიმართულებით შეტევის განვითარება. 24 იანვრისათვის ჯარების ჩრდილოეთის ჯგუფმა უკვე გაათავისუფლა მოზდოკი, მინვოდი, პიატიგორსკი, სტავროპოლი და არმავირი. სამხრეთის ფრონტის ჯარები, ამავე დროს, წინ მიიწევდნენ როსტოვისა და ტიხორეცკისკენ და სალსკას მიდამოებში შეუერთდნენ ამიერკავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთას. 29 იანვარს შავი ზღვის ჯგუფმა გაათავისუფლა მაიკოპი. შავი ზღვის ჯარების ჯგუფი 5 თებერვალს ჩართეს ჩრდილო კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში და გაგრძელდა შეტევა, 12 თებერვალს გათავისუფლებულ იქნა ყუბანის ცენტრი — კრასნოდარი. 

კავკასიის გაწმენდა ფაშისტებისგან სტალინგრადის შეტევითი ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობდა. თებერვლის შუა რიცხვებისთვის მტრისგან გათავისუფლდა ჩაჩნეთ-ინგუშეთი, ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, როსტოვის მხარის დიდი ნაწილი, სტავროპოლის მხარე და კრასნოდარის მხარის ძირითადი ნაწილი. ფრონტის ხაზმა 160-600 კილომეტრით გადაიწია. გასათავისუფლებელი მხოლოდ ტამანის ნახევარკუნძული დარჩა.

კავკასიის მთებში თავი გამოიჩინეს ქართველმა მამულიშვილებმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ მტერს ღირსეულად დაუხვდნენ სვანეთის მისადგომებთან, უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მქონე ფაქტი შექმნეს: ამ გამოცდილმა მთამსვლელებმა, სვანმა ძმებმა, 20-კაციანი, სხვადასხვა ეროვნებებით დაკომპლექტებული საბჭოთა ჯგუფის შემადგენლობაში, განახორციელეს სამხედრო-ალპინისტური ოპერაცია ევროპის უმაღლესი მთის მწვერვალზე - იალბუზზე, საიდანაც გერმანელების მიერ პროპაგანდისტური მიზნით აღმართული ფაშისტური შტანდარტები ჩამოხსნეს და, მათ ნაცვლად, საბჭოთა დროშა აღმართეს (უშუალოდ მთის ორ მწვერვალზე მხოლოდ 5 კაცი ავიდა - პირველ რიგში, ძმები ხერგიანები). ეს ამბავი 1943 წლის თებერვალში მოხდა.

 კავკასიის წარმატებული დაცვის შედეგად ასეულ ათასობით საბჭოთა ადამიანი გადაურჩა გერმანიაში იძულებით სამუშაოებზე გარეკვას. მათ შორის, რა თქმა უნდა, გადარჩა საქართველო, ნაცისტებისგან აოხრებას და პარალელურად, შესაძლო თურქულ ოკუპაციას. 

1943 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ჯარები უკვე ტამანის ნახევარკუნძულზე გავიდნენ, სადაც მათ მტერმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. გერმანელებს აქ კარგად მომზადებული, ღრმად ეშელონირებული თავდაცვითი ხაზი ჰქონდათ გაკეთებული (ე. წ. «ლურჯი ხაზი»), რომელიც აზოვის ზღვიდან იწყებოდა და ნოვოროსიისკთან მთავრდებოდა. აქ იდგა მე-17 გერმანული არმია, 16 დივიზიით. ჩრდილო კავკასიის ფრონტის ძალებით გაზაფხულზევე ვერ მოხერხდა გერმანელთა ამ ძალების გარეკვა ტამანის ნახევარკუნძულიდან, წითელი არმიის მძლავრი შეტევა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, მხოლოდ 1943 წლის ზაფხულში გახდა შესაძლებელი. ამ მომენტისათვის ჩრდილო კავკასიის ფრონტი გენერალ-პოლკოვნიკ ი. პეტროვს ებარა, რომელმაც მიიღო ბრძანება, გაენადგურებინა გერმანელების ტამანის დაჯგუფება. ფრონტის ხელმძღვანელობამ მოამზადა ნოვოროსიისკ-ტამანის ოპერაციის გეგმა, რომლის მთავარი არსი მდგომარეობდა მოწინააღმდეგისათვის ზღვიდან და ხმელეთიდან ერთობლივი დარტყმის მიყენებაში ნოვოროსიისკში, ამ ქალაქის დაკავება და შეტევის გაგრძელება ანაპაზე, მათ შორის, სამხრეთის ფლანგიდან. მდინარე ყუბანის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ასევე უნდა განხორციელებულიყო დარტყმები გერმანულ ჯგუფებზე. შეტევა 10 სექტემბერს დაიწყო მძლავრი საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, როდესაც ნოვოროსიისკის პორტში საბჭოთა დესანტიც გადმოსხდა. მე-18 საბჭოთა არმიის შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ ნოვოროსიისკის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მოხდა ქალაქის შტურმი, რომელიც 6 დღე გაგრძელდა. შეტევაში მალე ჩაერთვნენ მე-9 და 56-ე არმიებიც, მათ დახმარებას შავი ზღვის ფლოტი და აზოვის სამხედრო ფლოტილია უწევდათ. ასეთი დიდი ძალებით მოხდა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის გატეხვა და ოქტომბრის პირველ რიცხვებში ბრძოლები დასრულდა, ქალაქ ტამანისა და მთელი ნახევარკუნძულის გათავისუფლებით. შესაბამისად, დიდი კავკასიის მთელი ტერიტორია სრულად გაიწმინდა ნაცისტებისაგან.

სტრატეგიულ მარცხთან ერთად, დიდი იყო გერმანელების მატერიალური და ადამიანური დანაკარგები. არმიათა ჯგუფმა «А»-მ დაკარგა 275 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაღუპულთა სახით. მიუხედავად ამისა, გერმანელებმა მოახერხეს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა და სრულ განადგურებას განარიდეს (ტამანის ნახევარკუნძულიდან ყირიმში ევაკუაციის გზით). 

1944 წელს კავკასიის დაცვაში შეტანილი წვლილის აღსანიშნად გამოვიდა მედალი «კავკასიის დაცვისათვის» («За оборону Кавказа»), რომლითაც დაჯილდოვდა დაახლოებით 600 ათასი ადამიანი. არაერთ საბრძოლო შენაერთს მიენიჭა საპატიო სახელწოდებები — ანაპის, ტამანის, ტემრიუკის… ქალაქმა ნოვოროსიისკმა კი 1973 წელს მიიღო გმირი-ქალაქის წოდება.

 


[1] იხ. მარშალ ანდრეი გრეჩკოს მოგონებების მე-3 თავი - Андрей Гречко: Битва за Кавказ, Воениздат, Москва 1967, гл. 3 («Провал попыток немецко-фашистских войск прорваться в Закавказье»):   http://militera.lib.ru/memo/russian/grechko_aa_1/03.html

[2] Сергей Брезкун: "Неизвестный Берия. Подвиг пограничников и забытые страницы битвы за Кавказ", 29.03.2019, "НВО":   https://nvo.ng.ru/history/2019-03-29/1_1039_beria.html

ძმები ხერგიანები და იალბუზზე საბჭოთა კავშირის დროშის აღმართვა 1943 წელს.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება