ბეროშვილი ვლადიმერ ლევანის ძე

ვლადიმერ ლევანის ძე ბეროშვილი დაიბადა 1907 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1943 წლებში. დაჯილდოებული იყო სამი საბრძოლო ორდენითა და მედლებით.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა  1943 წლის 16 ნოემბერს (სიკვდილის შემდეგ) - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. დაიღუპა ბრძოლაში 1943 წლის 4 ოქტომბერს.

ბეროშვილის მეთაურობა ვერ მალავდა აღფრთოვანებას ქართველის გმირობით. 1943 წლის 22-იდან 23 სექტემბრის ღამეს, 70-ე გვარდიის მსროლელი დივიზია მდინარე დნეპრის ფორსირებას შეუდგა. ვლადიმერ ბეროშვილი 205-ე გვარდიის მსროლელი პოლკის შემადგენლობაში ერთ-ერთ კოლონას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა იკისრა მდინარის ფორსირება.

მდინარეზე გადასვლა იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რამდენადაც მეორე ნაპირზე გამაგრება. გერმანელები გააფთრებით უშენდნენ ცეცხლს მედესანტეებს და მათ განადგურებას ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ბეროშვილის რაზმმა მტრის 11 კონტრშეტევა მოიგერია. შემოტევების შემდეგ, სახელდახელოდ გათხრილი სანგრების წინ, 50-მდე დახოცილი გერმანელის გვამი ეყარა. პოზიციები შენარჩუნებულ იქნა, საბჭოთა ჯარისკაცების გადმოსვლა დნეპრის მეორე ნაპირზე გაგრძელდა.

24 სექტემბერს ნაცისტებმა ფლანგიდან შემოუარეს წითელარმიელების ბატალიონს და მისი შევიწროება დაიწყეს. ამ ბატალიონის მარცხის შემთხვევაში მთელი საბჭოთა დივიზია დგებოდა საფრთხის ქვეშ, შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაიფუშებოდა. საგვარდიო დივიზიის მეთაურმა, გვარად შუბამ, გვარდიის უმცროს ლეიტენანტ ბეროშვილს უბრძანა, სწრაფი დახმარება აღმოეჩინა გერმანელების მიერ შევიწროებული მე-2 ბატალიონისთვის. დინჯმა კახელმა თვალი მოავლო ბრძოლის ველს. იგი მაშინვე მიხვდა, რომ რეზერვების დროულად მოსვლის შანსი არ არსებობდა და ბრძოლის ველზე მყოფი თითოეული ჯარისკაცის ქმედებებს ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბეროშვილმა გეგმა მოიფიქრა და იგი თავის მეომრებს გააცნო. ელვისებური შეტევით ბეროშვილის კოლონა თავს დაესხა მოწინააღმდეგეს, გაარღვია ალყა და შეუერთდა მე-2 ბატალიონს. ვერმახტის ჯარისკაცები ორჯერ შეეცადნენ, კონტრშეტევით დაებრუნებინათ პოზიციები, მაგრამ უშედეგოდ - მათ კიდევ 50 კაცი დაკარგეს. საბჭოთა ბატალიონმა მთლიანად დაიბრუნა თავისი პოზიციები.

ბეროშვილი ექვსი დღის მანძილზე უმკლავდებოდა მტრის გააფთრებულ შემოტევებს. მან პირადად, ბრძოლის ველზე, 7 ნაცისტი გამოასალმა სიცოცხლეს. საბჭოთა კავშირის გმირობაზე წარდგინებაში წერია, რომ "ამხანაგი ბეროშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მამაცი, გამბედავი მეთაურია. ბრძოლაში მას თავი ღირსეულად ეჭირა, ყოველთვის წინა ხაზზე იდგა და თავისი ქმედებებით მებრძოლებს მტრის გასანადგურებლად შთაგონებას აძლევდა. მისმა მეომრებმა ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიეს უკან. მიუხედავად ძალზე რთული და საპასუხისმგებლო დავალებებისა, ბეროშვილი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა".

რაოდენ დასანანია, რომ ეს გმირი ქართველი მალევე, 4 ოქტომბერს დაეცა ბრძოლაში. დაკრძალეს ჩერნობილის რაიონის სოფელ კუპოვატოეში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება