გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე

სოკრატე ალექსის ძე გალუსტაშვილი დაიბადა 1920 წელს გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს სამხრეთ უკრაინაში წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1981 წელს.

იქ, სადაც დნეპრი შავ ზღვას უერთდება, მდინარის კალაპოტის ცვლილებისგან გადაულახავი 6-8 კმ სიგანისა და 12-15 მ. სიღრმის ლიმანებია წარმოქმნილი. ერთ-ერთი ასეთი ლიმანის ნაპირზე, სოფელ კასპეროვკასთან, სადაც გერმანელებს დიდი ძალები ჰქონდათ თავმოყრილი, 1944 წლის მარტის შუა რიცხვებში პირველი საგვარდიო გამაგრებული რაიონის მე-8 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო ბატალიონი მიადგა, სადაც მსახურობდა უფლისციხელი სოკრატე გალუსტაშვილი. იგი ერთ-ერთ პირველ ნავში იჯდა, რომელიც ლიმანის მეორე ნაპირს მიადგა და კასპეროვკასთან მიიჭრა. გალუსტაშვილისა და მისი თანამებრძოლი მედესანტეების ცეცხლის წყალობით, ნაპირზე მთელი საბჭოთა შენაერთი გადმოვიდა. 16 მარტს რუმინელი ფაშისტების ორი პოლკი, ძლიერი საარტილერიო და ნაღმტყორცნელი ცეცხლის მხარდაჭერით, სოფელ ეფიმოვკასთან გადმოვიდა შეტევაზე. გალუსტაშვილმა აქ თავი ისახელა - მისმა ტყვიამფრქვევმა არაერთი შემტევი დასცა ძირს და რუმინელთა შეტევა შეაჩერა კიდეც, მაგრამ მას ტყვიები დაუმთავრდა, დამატებითი ტყვიების მოწოდება კი არავის შეეძლო. მოწინააღმდეგემ შეატყო, რომ ტყვიამფრქვევი დადუმდა. რუმინელთა რაზმმა ალყა შემოარტყა გალუსტაშილის პოზიციას. გალუსტაშვილმა, თავის რაზმელებთან ერთად, ხელჩართული ბრძოლა მიიღო. ხომ არ დაგავიწყდა, მკითხველო, რომ გალუსტაშვილი გორის რაიონის უფლისციხეში გაიზარდა? ქართული ჭიდაობის ილეთები მას ამ ბრძოლაში ძალიან გამოადგა; მან ძირს დასცა რუმინელი უნტერ-ოფიცერი, ხანჯლით განგმირა იგი და ავტომატი წაართვა. ასე ჩაფლავდა რუმინული რაზმის შემოტევა, თუმცა პირველ შეტევას მეორე და მესამე, შემდეგ კი, მეოთხეც მოჰყვა.

ამ ბოლო შეტევისას გალუსტაშვილის ჯგუფს არტილერის ცეცხლი დაუშინეს. ყველაფერს წამები წყვეტდა. გალუსტაშვილი მთელი სიმაღლით წამოიმართა, ხელში ავტომატით, და თანამებრძოლებს მოუწოდა: "ამხანაგებო, წინ, სამშობლოსათვის, სტალინისათვის!"

საბჭოთა ჯარისკაცები გააფთრებით ეკვეთნენ მტერს. მათ არც ერთი რუმინელი არ დატოვეს ცოცხალი ბრძოლის ველზე. გალუსტაშვილის და მისი რაზმის მიერ პოზიციების შენარჩუნებამ ძირითად ძალებს შეტევის განვითარების საშუალება მისცა და ორი რუმინული პოლკი სრულად განადგურდა. თავად გალუსტაშვილმა 100-მდე მტრის ჯარისკაცი და ოფიცერი დაცხრილა ფიცხელ ბრძოლაში. სახლში, გორში, სოკრატ გალუსტაშვილი გვარდიის უფროსი სერჟანტის რანგში, საბჭოთა კავშირის გმირის საამაყო წოდებით დაბრუნდა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება