კაზინეცი ისაია პავლეს ძე

დაიბადა 1910 წელს გენიჩესკში (სამხრეთი უკრაინა), მუშის ოჯახში. 12 წლის ასაკში, მამით დაობლებული (სამოქალაქო ომში წითლების მხარეს იბრძოდა და დაიღუპა) დედამ კიდევ ოთხ და-ძმასთან ერთად, ბათუმში გადმოიყვანა. სკოლა ბათუმში დაამთავრა, ხოლო სტუდენტობა კიევში გაატარა, სადაც მენავთობეობის ტექნოლოგიას ეუფლებოდა. გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური და შემდეგ ბელოსტოკში ნავთობგასაღების მთავარ ინჟინრად დაიწყო მუშაობა. ომმა ისაია კაზინეცს სწორედ აქ, ბელორუსიაში მოუსწრო.

იდეური კომკავშირელი, წარმოშობით ებრაელი ისაია კაზინეცი გერმანელების მიერ ოკუპირებულ მინსკში იატაკქვეშა მოძრაობაში ჩაება. თავისი ნიჭის წყალობით, იატაკქვეშეთის საინფორმაციო ანტიფაშისტური ომის ხელმძღვანელი გახდა, ავრცელებდა პროკლამაციებს, გაზეთს („Вестник Родины»), შეძლო მოსკოვიდან რადიოსიგნალის მიღება და „სოვინფორმბიუროს“ ინფორმაციების გავრცელება. კაზინეცის დაჯგუფებას გერმანელების საიდუმლო პოლიცია - გესტაპო გააფთრებით ეძებდა. მოიძებნა მოღალატე, რომელმაც დაჯგუფება გასცა.

ისაია კაზინეცი ჰიტლერელებმა 1942 წლის 26 მარტს შეიპყრეს. ანტიფაშისტს აწამებდნენ, სკამზე მავთულებით აბამდნენ და მეტალის ღერძიანი მათრახით სცემდნენ, ჭრილობებზე კი მარილს აყრიდნენ. ნაცისტები მოითხოვდნენ აღიარება-მონანიებას, მაგრამ წამებული ადამიანისგან სიტყვაც ვერ მიიღეს. 

ნაცისტებმა კაზინეცი, 27 ამხანაგთან ერთად, იმავე წლის 7 მაისს ჩამოხრჩობით დასაჯეს. ეშაფოტზე მიმავალმა ხელბორკილდადებულმა ისაიამ, შეძლო ერთი ნაცისტი ჯალათის წაქცევა და მარყუჟში თავი თვითონვე გაჰყო, სიკვდილის წინ კი შესძახა: „სიკვდილი ფაშისტებს! გაუმარჯოს წითელ არმიას!“

გამოვლენილი გმირობისთვის ი. პ. კაზინეცს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ომის დამთავრებიდან მე-20 წელს, 1965 წლის 8 მაისს მიენიჭა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება