კურსკის ბრძოლა 1943 წ.

კურსკი - ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, რომლის სიახლოვეს 1943 წლის 5 ივლისისა და 25 აგვისტოს მონაკვეთში გაიმართა გარდამტეხი ბრძოლა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მათ შორის, ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბატალიები. კურსკის ბრძოლა საბჭოთა ჯარების თავდაცვით (5 ივლისი - 23 ივლისი) და შემტევი (12 ივლისი - 23 აგვისტო) სტრატეგიული ოპერაციების ერთობლიობას წარმოადგენს.

სტალინგრადის ბრძოლაში და წითელი არმიის ზამთრის შეტევის შედეგად განცდილი მარცხის შემდეგ, ნაცისტური გერმანიის სარდლობამ დაკარგული სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების მიზნით, აღმოსავლეთის ფრონტზე დიდი შეტევის წამოწყება გადაწყვიტა.

იხ. მასალა ვიკიპედიაში, რომელიც გადაწერილია ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან (ტ. 6, გვ. 85), თუმცა მასალიდან ამოღებულია შენიშვნა, რომ "კურსკის ბრძოლა იყო საბჭოთა სამხედრო ხელოვნების ზეიმი".

კურსკის 50-დღიან ბრძოლებში განადგურდა გერმანელთა 30 დივიზია და მწყობრიდან გამოვიდა ნახევარ მილიონზე მეტი კაცი. საბჭოთა ავიაცია საბოლოოდ გაბატონდა ჰაერში. კურსკის ბრძოლის წარმატებას ხელი შეუწყო პარტიზანთა აქტიურმა მოქმედებამ. არმიამ საბოლოოდ განამტკიცა სტრატეგიული ინიციატივა. 1943 წლის გამარჯვებებს შორის კურსკის ბრძოლა იყო გადამწყვეტი, რომელმაც თვისობრივად შეცვალა დიდი სამამულო ომისა და II მსოფლიო ომის მსვლელობა, უზრუნველჰყო 1943 წლის ბოლოსათვის მარცხენა ნაპირის უკრაინის გათავისუფლება და გერმანელთა თავდაცვის შემუსვრა დნეპრზე. ფაშისტური გერმანიის სარდლობა იძულებული გახდა უარი ეთქვა შეტევით სტრატეგიაზე და მთელ ფრონტზე თავდაცვაზე გადავიდა. მხოლოდ კურსკის ბრძოლის შემდეგ და მასში წითელი არმიის გამარჯვების შედეგად განხორციელდა ინგლის-ამერიკის ჯარების გადასხმა სიცილიაზე და იტალიაში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება