ასრიანი აშოტ მინასის ძე

აშოტ მინასის ძე ასრიანი დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის 73-ე სკოლაში, შემდეგ მოსკოვის საავტომობილო ტექნიკუმში. მოსკოვში განათლების მიღების შემდეგ ისევ თბილისს დაუბრუნდა. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე გახლდათ დღიდან მისი დაწყებისა - დამთავრებამდე. დაჯილდოებულია ორდენებით: ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, მრავალი მედლით. მონაწილეობდა ბერლინის შტურმში. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 2 ნოემბერს - ჩრდილოეთის ფრონტზე გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. ა. ასრიანი გვარდიის პოლკოვნიკის რანგში  გარდაიცვალა 1992 წელს.

უმცროსი ლეიტენატი ასრიანი ლენინგრადის ფრონტზე, მოწინავე სატანკო ბატალიონში იბრძოდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარდგინების დოკუმენტში წერია: "მტრისადმი სიძულვილით ანთებულმა აშოტ ასრიანმა წინ მიმავალ ტანკს გადაასწრო და მაქსიმალური სიჩქარით გადაირბინა გზის გზაჯვარედინზე, რომელიც ქალაქ პეტსამოსთან გერმანელების მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა. თავისი ტანკის მუხლუხებითა და ცეცხლით მან გაანადგურა მოწინააღმდეგის ქვეითებითა და სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული  40-მდე ავტომანქანა, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ბატარეია, 5 მოტოციკლი, 10 მსუბუქი ავტომანქანა, 12 ძოტი, 7 ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა, 100-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი, ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის ქვეითთა ჯგუფი. ამ ბრძოლაში ეკიპაჟის ყველა წევრი დაიჭრა, ტანკს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ მამაცმა ოფიცერმა არ მიატოვა ალმოდებული ტანკი, არამედ ცეცხლი თავისი ტანსაცმლითა და მიწით ჩააქრო.

მას შემდეგ, რაც მძიმედ დაჭრილ ეკიპაჟის წევრებს ჭრილობები გადაუხვია, მან განაგრძო ტანკთან მოახლოებულ გერმანელებთან ბრძოლა. ამხანაგ ასრიანს დაუზიანდა ქვემეხი და ტყვიამფრქვევები. მაშინ მან გრანატები და პისტოლეტი გამოიყენა, ბოლო წუთამდე იცავდა უკვე გაფუჭებულ ტანკს. თავისი გმირობით ამხანაგმა ასრიანმა საშუალება მისცა ჩვენს სხვა ტანკებსა და ქვეითებს, წინ წაწეულიყვნენ და წარმატებით გაენადგურებინათ თავდაცვაზე გადასული მოწინააღმდეგე და მის დასახმარებლად მოსული რეზერვები, პეტსამო-კირკენესის ტრასაზე. ამხ. ასრიანი გადაჯდა გამართულ ტანკზე და პირველი შეიჭრა პეტსამოს სამხრეთ ნაწილში".



© Didisamamulo.ge
დაბრუნება