ბენდელიანი ჭიჭიკო ყაისარის ძე

ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი დაიბადა 1914 წელს დაბა ჩოხატაურში. სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 24 აგვისტოს - საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის.  დაიღუპა საჰაერო ბრძოლაში, უკრაინის ქალაქ კოველთან ახლოს, 1944 წლის 20 ივლისს.

იბრძოდა უკრაინაში, სტალინგრადში, სამხრეთ-დასავლეთისა და ცენტრალურ ფრონტებზე.

ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში უშიშარმა მფრინავმა ჭიჭიკო ბენდელიანმა მძიმე ჭრილობა მიიღო საჰაერო ბრძოლაში, როდესაც И-16 (ЦКБ-12)-ით გერმანული Me-109-ის ტარანი განახორციელა (კუდი ჩამოაჭრა გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც ჩამოვარდა, ბენდელიანი კი პარაშუტით დაეშვა). მის მეგობრებს ეგონათ, რომ ჭიჭიკო მწყობრში ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცდნენ, როდესაც მეგობარი მალევე იხილეს პოლკში დაბრუნებული და კვლავ თვითმფრინავით ცაში აჭრილი.

ქართველმა ხალხმა ჭიჭიკო ბენდელიანის გმირობის ამბავი ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას უწყოდა, მასზე არაერთი ლექსი და სიმღერა შეიქმნა, რითაც ხალხმა თავისი გმირი შვილის მიმართ დიდი სიყვარული გამოხატა. სხვა რა გრძნობა უნდა ჰქონდეს ერს კაცისადმი, რომელმაც 1942 წლის 10 მაისს ხარკოვის თავზე გამართულ საჰაერო ბრძოლაში, ბენდელიანმა, კიდევ სამი საბჭოთა თვითმფრინავის დახმარებით, 24 მტრის თვითმფრინავი დაამარცხა! ნახევარსაათიანი ბრძოლის მანძილზე მოწინააღმდეგემ 3 თვითმფრინავი დაკარგა და უკან დაიხია, ხოლო ჩვენი მფრინავები უვნებლები დაბრუნდნენ აეროდრომზე. იმავე 1942-ის ოქტომბერში, ჭიჭიკო ბენდელიანმა და უფროსმა ლეიტენანტმა ბუბნოვმა 8 გერმანულ თვითმფრინავს, რიხტჰოფენის ესკადრიდან, გაუმართეს ბრძოლა. ამ ესკადრაში მხოლოდ საუკეთესო მფრინავებს, ე. წ. ასებს ღებულობდნენ. 25-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენმა მფრინავებმა 2 "მესერშმიტი" ჩამოაგდეს.

მარტო სამხრეთ-დასავლეთის და სტალინგრადის ფრონტებზე ჭ. ბენდელიანმა განახორციელა 385 საბრძოლო გაფრენა: 75-ჯერ შეუტია მტრის ჯარებს, 45-ჯერ დაზვერა მოწინააღმდეგის ძალები, 110-ჯერ ახლდა თან საბჭოთა ბომბდამშენებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს, 155-ჯერ მისცა საჰაერო მხარდაჭერა საბჭოთა ჯარებს, რომლის დროსაც პირადად გაანადგურა მტრის 12 თვითმფრინავი, ხოლო ჯგუფურ ბრძოლებში - 20 თვითმფრინავი. გარდა ამისა, ოთხჯერ შეუტია მტრის აეროდრომებს და გადაწვა 3 თვითმფრინავი.

ასეთია ქერჩის 54-ე გვარდიის გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მეთაურის, ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანის საომარი სტატისტიკა, რის გამოც მან საბჭოთა კავშირის გმირის წოდება დაიმსახურა. არადა, ეს დიდი პატრიოტი კაცი იმავდროულად იყო მეტად მორიდებული ადამიანი.

გმირი მფრინავი დაიღუპა უთანასწორო საჰაერო ბრძოლაში, არ შეუშინდა მოწინააღმდეგის რიცხოვნურ უპირატესობას, 3 გერმანული "ფოკე-ვულფიც" გაანადგურა. ბენდელიანი უკვე უკან ბრუნდებოდა, როდესაც გასაჭირში ჩავარდნილი სხვა მფრინავი შენიშნა და მის დასახმარებლად მოტრიალდა. მტრის მიერ ამ მომენტში სასიკვდილოდ დაჭრილმა გმირმა მაინც მოახერხა თვითმფრინავის დასმა აეროდრომზე და თანამებრძოლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

საბჭოთა პერიოდში ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი მიენიჭა ჩოხატაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს (სადაც იგი სწავლობდა) და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. მისი სახელი ეწოდა ასევე ქ. ლუცკის ერთ-ერთ ქუჩას, ხოლო ქალაქ კოველში დააყენეს გმირის ბარელიეფი. ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი ამოტვიფრულია სტელაზე სტალინგრადის გმირების ხეივანში (ქ. ვოლგოგრადი). 1965 წლის 2 ნოემბერს სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გვარდიის მაიორ ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანის სახელი სამუდამოდ იქნა შეყვანილი საავიაციო პოლკის სიებში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება