ბიბილაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბიბილაშვილი დაიბადა 1916 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის, წითელი წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) ბალტიისპირეთში წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა 1944 წლის 10 ოქტომბერს - ლიტვაში, დაბა ვიჟაიცეს განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში.

გვარდიის კაპიტანი ალექსანდრე ბიბილაშვილი, დიდი სამამულო ომის 1-ლი და მე-2 ხარისხის ორდენების მფლობელი, ბატალიონის მეთაური იყო ტამანის 32-ე საგვარდიო მსროლელი დივიზიის სევასტოპოლის მე-80 პოლკში. იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში. 1944 წლის აგვისტოში კი ბილანიშვილი 1-ლი ბალტიის ფრონტზე ლიტვის გასათავისუფლებლად იბრძოდა. მის ბატალიონს 21 აგვისტოს ორი მხრიდან შემოუტია მტერმა, რომელიც 30 ტანკითა და 10 ჯავშანტრანსპორტიორით ცდილობდა საბჭოთა ჯარების დაცვის ხაზის გარღვევას და შაულიაი-ტილზიტის საავტომობილო მაგისტრალზე გასვლას. მძიმე ტექნიკის ამ ძლიერ ჯგუფს უკან გერმანელების ქვეითი ჯარი მოჰყვებოდა. ბიბილაშვილმა ვითარება ზუსტად შეაფასა და მან გერმანელების ტანკები და ჯავშანმანქანები გაატარა თავისი სანგრების ზურგში, სადაც ისინი წითელი არმიის არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ხოლო მტრის ქვეით ჯარს ბიბილაშვილის ბატალიონი გაუსწორდა. მოწინააღმდეგემ 18 ტანკი და ჯავშანმანქანა დაკარგა, ასევე 200-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. წონასწორობა აღდგენილ იქნა.

ბიბილაშვილის ბატალიონმა 1944 წლის 10 ოქტომბერს მტერთან ბოლო გმირული ბრძოლა გადაიხადა. იმ დღეს ბატალიონმა ფაშისტების მიერ გამართული მავთულხლართების 6 ზღუდე და დანაღმული ველები გადალახა და მათი სანგრები დაიკავა. გაცოფებულმა მტერმა სამი კონტრშეტევა მოაწყო. კონტრშეტევაში ნაცისტების მთელი პოლკი მონაწილეობდა, რომლის მხარდაჭერას პირველი შეტევისას 20 ტანკი, მეორე ჯერზე 30, ხოლო ბოლო შემოტევისას 50 ტანკი ახორციელებდა. საბჭოთა ბატალიონი, ამის მიუხედავად, კლდესავით ურყევად იდგა. ბატალიონის მეთაური ბიბილაშვილი პირველ რიგებში იბრძოდა. მან მოუწოდა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, არც ერთი მეტრი გათავისუფლებული საბჭოთა მიწისა არ დაეთმოთ მტრისათვის.

ბიბილაშვილისა და მისი თანამებრძოლების წყალობით, გერმანელებმა 150 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს - სრულიად უშედეგოდ. დაიღუპა ქართველი გმირიც, მაგრამ მან ბრძოლის ველი და ამქვეყნიურობა გამარჯვებულმა დატოვა. იგი ლიტვაში, ქ. ტაურაგეს საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება