ასკაროვი ალექსი ალექსის ძე

ალექსი ალექსის ძე ასკაროვი დაიბადა 1901 წელს ქ. თბილისში. ეროვნებით ჩერქეზი. სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1943-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 17 ოქტომბერს - დნეპის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. გარდაიცვალა 1971 წელს.

42 წლის ასაკში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1943 წლის სექტემბერში ასკაროვი უკვე მდინარე დნეპრის ფორსირებაში იღებდა მონაწილეობას. თავის მეგობარ, მორგულიანთან ერთად ასკაროვმა შეაკეთა დაზიანებული სათევზაო ნავები, შეაკოწიწა ტივები და ნიჩბები. 24 სექტემბრის დღის ბოლოს, მტრის უძლიერესი ცეცხლის მიუხედავად, ასკაროვი და მორგულიანი პირველ ასეთ ნავში ჩასხდნენ და საბჭოთა დესანტს გაუძღვნენ წინ. მარჯვენა ნაპირზეც პირველები გადავიდნენ, შეძახილით "Ура!". დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციების გამაგრების შემდეგ, ასკაროვი და მორგულიანი ისევ მარცხენა ნაპირზე დაბრუნდნენ და დესანტის მეორე ნაწილს გამოუძღვნენ. მათ სულზე მიუსწრეს ნაცისტი ჯარისკაცების მიერ შევიწროებულ პირველ დესანტს. გაერთიანებული ძალებით საბჭოთა დესანტმა უკუაგდო გერმანელები.

ასკაროვმა და მორგულიანმა ჩერნიგოვის მხარის სოფელ ოკუპინოვოსთან სულ 4 ასეთი "რეისი" განახორციელეს და მთელი პოლკი გადაიყვანეს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება