დუპლი ივანე მინას ძე

ივანე მინას ძე დუპლი დაიბადა 1915 წელს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მხარეში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლეში. ტანკისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.

ომში ივანე დუპლი ქუთაისიდან გაიწვიეს, სადაც იგი 6 კლასის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ლიტოფონის ქარხანაში, ელექტროშემდუღებლად.

1943 წლის ოქტომბრამდე იბრძოდა დასავლეთის, ბრიანსკის, ვორონეჟის, 1-ლ უკრაინულ ფრონტებზე. იცავდა მოსკოვსა და სტალინგრადს, მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაშიც. აღნიშნული თარიღის შემდეგ დუპლი გვარდიის სტარშინას რანგში 55-ე გვარდიის სატანკო ბრიგადის 317-ე სატანკო ბატალიონის ტანკების მოტორისტ-მარეგულირებელი იყო. კიევის მისადგომებთან მდ. დნეპრის ფორსირებაში დუპლიმ ბორანზე 17 ტანკი დატვირთა, 17-ჯერ გადალახა მდინარე და ტანკები მარჯვენა სანაპიროზე გადაიტანა. ეს მტრისთვის მოულოდნელობა იყო, საბჭოთა ტანკებმა მის რიგებში დაბნეულობა შეიტანეს.

ომის დასრულების შემდეგ, თითქმის ყველგან ნაომარი გმირი ქუთაისში დაბრუნდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა - ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გასაღების განყოფილების უფროსად, შემდეგ ლიტოფონის ქარხნის მომარაგების განყოფილების უფროსი იყო. 1962 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი. არჩეულ იქნა საქალაქო საბჭოს დეპუტატად, კომუნისტური პარტიის ქალაქკომისა და რაიკომის წევრად. არეულობის ხანაში საცხოვრებლად რუსეთში, კრასნოდარში გადავიდა, სადაც 2007 წლის აპრილში გარდაიცვალა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება