მაისურაძე გიორგი ვასილის ძე

ონის რაიონის სოფ. ქვედში 1908 წელს დაბადებული გიორგი მაისურაძის გმირობა, რომელიც მან 1943 წელს, ბელარუსიის გათავისუფლებისას გამოავლინა, თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე კონკრეტიკას იყო მოკლებული. ეს თავად ამ რაჭველი კაცის მოკრძალებულობის „ბრალია“. დღესაც მის შესახებ ცნობები მწირია როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებში (ყოველ შემთხვევაში, დიგიტალიზებულ მასალებში). მხოლოდ აქ წარმოდგენილი ფოტოსურათის მოპოვება შევძელით, რომელიც ომის დამთავრებიდან კარგა ხნის შემდეგ არის გადაღებული. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით.

რიგითი მაისურაძე 1943 წელს მდ. დნეპრის ფორსირებაში მონაწილეობდა (ცენტრალური ფრონტი, 61-ე არმია, 81-ე მსროლელი დივიზიის 519-ე მსროლელი პოლკი). 9 ოქტომბერს 61-ე არმია გომელის მხარეში (ბელარუსია), ლოევის რაიონის სოფელ გლუშეცის განმათავისუფლებელ ოპერაციას აწარმოებდა. მაისურაძის მე-3 ბატალიონის მე-8 როტა მტრის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. განსაკუთრებით დიდ ზიანს წითელარმიელებს აყენებდა ფაშისტების ტყვიამფრქევი, რომელიც სპეციალურად გამაგრებულ წერტილში იდგა. გიორგი მაისურაძემ თავის თავზე აიღო ამ ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა, რაც უკვე უდიდესი გმირობის ტოლფასი იყო, თუმცა მხოლოდ ამაში როდი გამოვლინდა მისი გმირული ხასიათი. როდესაც ქართველი მეომარი მტრის საცეცხლე წერტილთან ხოხვით მივიდა და ავტომატი მოიმარჯვა, იარაღმა უმტყუნა - ტყვია გაიჭედა. მაშინ, მაისურაძე წამოდგა და ელვისებური სისწრაფით მიეჭრა ტყვიამფრქვევს, რომლის ამბრაზურა საკუთარი სხეულით დაფარა.

ტყვიამფრქვევი გაჩუმდა, გერმანელები დაიბნენ. წითელი არმიის მებრძოლებმა წამიერი პაუზით ისარგებლეს და მაშინვე გადავიდნენ მძლავრ შეტევაზე. სოფელი გლუშეცი გათავისუფლდა.

მძიმედ დაჭრილი გიორგი მაისურაძე გადარჩა, თუმცა, მიღებული ჭრილობების სიმძიმის გამო, ფრონტიდან შინ გაუშვეს. საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე ქართველი თვით სახელგანთქმულმა სარდალმა, არმიის გენერალმა, შემდგომში მარშალმა - კონსტანტინ როკოსოვსკიმ წარადგინა. 
„ამხანაგი მაისურაძე გ. ვ. სამშობლოსთვის მამაცთა სიკვდილით დაეცა, მაგრამ მოხდა სასწაული - გიორგი ვასილის ძე მაისურაძე იმ ოთხ ბედნიერთა შორის აღმოჩნდა, რომელთაც დიდი სამამულო ომის დროს გაიმეორეს ალექსანდრ მატროსოვის გმირობა - მკერდით დაფარეს მტრის საცეცხლე წერტილი და შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს“ - წერდა როკოსოვსკი მაისურაძის გმირად წარდგინებაში. 1944 წლის 15 იანვარს გიორგი მაისურაძეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, როგორც „დაღუპულს“, თუმცა მოგვიანებით ხარვეზი გასწორდა და ჯილდო გმირს, ლენინის ორდენთან ერთად, ცოცხალს გადასცეს.

გმირობის ჩადენიდან კიდევ 23 წლის მანძილზე იცოცხლა გიორგი მაისურაძემ, ცხოვრობდა და შრომობდა მშობლიურ სოფელში, ბევრი სიკეთე გაუკეთა ადგილობრივ კოლმეურნეობას. გარდაიცვალა 1966 წლის იანვარში. სოფელში დაიდგა გიორგი მაისურაძის ბიუსტი.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება