სამხარაძე გრიგოლ სევასტის ძე

გრიგოლ სევასტის ძე სამხარაძე დაიბადა 1917 წელს  ხაშურის რაიონის სოფელ წაღველში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ორჯერ იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „წითელ ვარსკვლავის“ ორდენით, მედლით "მამაცობისათვის", აგრეთვე სხვა მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - სამხედრო დავალებების სანიმუშო შესრულებისათვის და სევასტოპოლის გათავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1944 წ.) გამოვლენილი გმირობისათვის. გარდაიცვალა 1965 წელს.

გრ. სამხარაძე 414-ე ანაპის [ქართული] მსროლელი დივიზიის (მე-4 უკრაინის ფრონტი, ზღვისპირა არმია) 1367-ე მსროლელი პოლკის შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის გმირი - მართლაც საოცარი გმირული ბრძოლისუნარიანობის გამო, რის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. 

წითელ არმიაში, უბრალო გლეხის ოჯახში დაბადებული სამხარაძე, 24 წლის ასაკში, თითქმის ომის დაწყებისთანავე, 1941 წლის ივლისში გაიწვიეს. საბრძოლო მოქმედებებში 1942 წლიდან, კავკასიისთვის ბრძოლებისას მონაწილეობდა. მდინარე თერგიდან ქართული დივიზიის შემადგენლობაში მთელი კავკასია გაიარა და ყირიმში გადავიდა - მონაწილეობა მიიღო ქ. ანაპის გათავისუფლებაში, ტამანის ნახევარკუნძულზე გერმანელების „ლურჯი ხაზის“ გარღვევაში, ქერჩის დესანტირებასა და ქ. სევასტოპოლის გათავისუფლებაში. 

გ. ს. სამხარაძის დაჯილდოების სიგელიდან: 

„1367-ე მსროლელი პოლკის ლაფეტირებული ტყვიამფრქვევის დამმიზნებელმა, წითელარმიელმა გრიგოლ სამხარაძემ ქალაქ სევასტოპოლის მისადგომებთან სამაგალითო მომზადება, მამაცობა და სამხედრო გამძლეობა გამოავლინა. 1944 წლის 7 მაისს, საპუნის მთასთან [საპუნ-გარა] მიმდინარე დაძაბული ბრძოლის დროს მოწინააღმდეგის ჭურვმა მწყობრიდან გამოიყვანა [საბჭოთა] მეტყვიამფრქვევთა ჯგუფი. ტყვიამფრქვევთან მარტო დარჩენილი წითელარმიელი სამხარაძე სულით არ დაეცა. იგი მიცოცდა დადუმებულ ტყვიამფქტევთან და უმალ  გახსნა ქარიშხლისებრი ცეცხლი. ტყვიამფრქვევთან მიახლოება მოწინააღმდეგის განუწყვეტელი ცეცხლის გამო შეუძლებელი იყო და მეტყვიამფრქვევე სამხარაძემ ტყვიამფრთქვევთან მთელი დღე მარტომ გაატარა, საშუალება მისცა [საბჭოთა ძალებს] შეტევისათვის და დღის განმავლობაში მტრის 25-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. [...]

ამხანაგი სამხარაძე ჩრდილო კავკასიის ფრონტსა და ყირიმში წარმოებული ყველა ოპერაციის მონაწილეა. ქერჩის გათავისუფლებისას ამხ. სამხარაძე ყოველთვის ახლოს მიდიოდა მტერთან ლაფეტირებული ტყვიამფრქვევით, საიდანაც დანამდვილებით შეიძლებოდა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების განადგურება. 164,5 სიმაღლეზე სამხარაძემ მოწინააღმდეგის 3 საცეცხლე წერტილი ჩაახშო და 5-კაციანი მსროლელთა ჯგუფი გაანადგურა, რითაც საშუალება მისცა ჩვენს შენაერთებს, წინ წაწეულიყვნენ. ქალაქ სევასტოპოლთან წარმოებულ ბრძოლებში, საპუნის მთის მიდამოებში, მოწინააღმდეგე ორი ქვემეხიდან პირდაპირი დამიზნებით ესროდა ჩვენს შენაერთებს. ამხანაგმა სამხარაძემ ფლანგიდან შემოუარა ამ ქვემეხებს, 150 მეტრის მანძილზე მიეპარა მათ და ქვემეხების მომსახურე ჯგუფი, 14 კაცის შემადგენლობით, გაანადგურა. ჩვენმა მსროლელებმა ისარგებლეს ამხ. სამხარაძის ამ გმირული ქმედებით და მოწინააღმდეგის სანგრებში შეიჭრნენ, ხელჩართული ბრძოლის შედეგად მოსპეს მოწინააღმდეგის როტა. მაშინ ამხ. სამხარაძემ თავისი ტყვიამფრქვევის ცეცხლი გადარჩენილ ფრიცებზე მიმართა და 18 მათგანი გაანადგურა, მათ შორის ერთი ოფიცერი. 

№ 10 საბჭოთა მეურნეობის რაიონში ამხ. სამხარაძის ტყვიამფრქვევი დაზიანდა. იგი ავტომატითა და ყუმბარებით მიეპარა მოწინააღმდეგის სანგრებს, სადაც მოწინააღმდეგის ლაფეტირებული ტყვიამფრქვევი შენიშნა. სამხარაძემ სანგარში ყუმბარები ჩაყარა, ერთი დამმიზნებელი მოკლა, ორი დარჩენილი გერმანელი დაახრჩო, აიღო ტყვიამფრქვევი და მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნა. მოწინააღმდეგე ჯარისკაცები დაბნეულობამ მოიცვა და ისინი არაორგანიზებულად გაიქცნენ. სამხარაძის გმირული ქმედებებით ფრთაშესხმული ჩვენი მებრძოლები მოწინააღმდეგეს დაედევნენ.უშიშარმა სამხარაძემ ამ რაიონში მოსპო სამი ფრიცი, მათ შორის ორი ოფიცერი. ასე და ამრიგად, ამხ. სამხარაძემ ყირიმის ნახევარკუნძულზე სულ 72 ფრიცი მოსპო, მათ შორის, ორი ოფიცერი“.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება