გორბაჩოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე

მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩოვი დაიბადა 1917 წელს ქ. თბილისში,იყო სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 13 მარტს- საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1955 წელს.

თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა რუსმა კაცმა მფრინავის ხელოვნების დაუფლება ბათუმის აეროკლუბში დაიწყო, ჩაირიცხა სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში, გახდა წითელი არმიის კადრის ოფიცერი. ჯარში 1938 წლიდან მსახურობდა. 
გორბაჩოვს ლენიგრადის დაცვაში მონაწილეობის მიღებამ მოუწია. იგი აკურატულად ბომბავდა ნაცისტების მეწინავე რიგებს, თუმცა მოწინააღმდეგის ზურგშიც ხშირად უწევდა შეღწევა. მისი პირველი დიდი ჯილდო - წითელი ვარსკვლავის ორდენი თბილისელმა სწორედ ლენინგრადის ფრონტზე მიიღო. 
როდესაც საბჭოთა უმაღლესმა სარდლობამ შორი მოქმედების საავიაციო შენაერთები შექმნა, გორბაჩოვი უკვე გამოცდილი მფრინავი იყო და ერთ-ერთ ასეთ შენაერთში ჩაირიცხა. გორბაჩოვი სულ წინა რიგებში იბრძოდა და ზუსტად ასრულებდა დავალებებს, მალე იგი ესკადრილიის მეთაურად დანიშნეს. დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა მფრინავს და მას ხანდახან 4-5 გაფრენის განხორციელება უწევდა საბრძოლო დავალებების შესასრულებლად, საიდანაც მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.

1944 წლის 2 აპრილს გორბაჩოვის დედამ ბათუმში შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო გორბაჩოვის სამხედრო ნაწილის მეთაურისაგან: „ძვირფასო ნადეჟდა ნიკოლაევნა! გულითადად გილოცავთ თქვენი შვილის, მიხეილ ნიკიფორეს ძისადმი საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭებას. ჩვენი საბრძოლო გვარდიის კოლექტივის რიგებში თქვენი ვაჟი უკვე არაერთი წელია, რაც იბრძვის. იგი მიჩნეულია უშიშარ მებრძოლად, არაერთხელ მოხვდა უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც საჭირო იყო საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა, მაგრამ იგი ყოველთვის პოულობდა გამოსავალს და ბრძოლებში იმარჯვებდა. თქვენი შვილის საბრძოლო ანგარიშზე უკვე 250-ზე მეტი საბრძოლო ფრენაა, 250-ზე მეტი სასახელო გამარჯვება“.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება