კოტანოვი თევდორე ევგენის ძე

ეროვნებით ბერძენი თევდორე (ფოტის) კოტანოვი მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ ნეონ-ხარობაში (ქართულად - ახალი ხარება) დაიბადა 1914 წლის 4 აპრილს. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, შავ მუშად მუშაობდა.

 1928 წლიდან ბაქოშია, სადაც ქვეითთა სკოლა დაამთავრა (1933 წ.). იმავე წელს სომხეთში, ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), მე-3 მსროლელ დივიზიაში დაიწყო მსახურობა, სადაც დაიწყო სამხედრო კარიერაში წინ წაწევა; 1936 წელს გადაისროლეს შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო ჯარების შემადგენლობაში, მაგრამ 1938 წლის ზაფხულში შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ მოტივით. საბედნიეროდ, იმავე წლის ნოემბერში გაათავისუფლეს, მომდევნო წლის თებერვალში კი ჯარში აღადგინეს - შავი ზღვის ფლოტის მსროლელ პოლკში. 1940 წლიდან ომის დაწყებამდე სამეთაურო შემდგენლობის კურსების ხელმძღვანელად მუშაობდა, იმავე 1940 წელს სკკპ წევრი გახდა. 

1941 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, უფროსი ლეიტენანტის წოდებით. სევასტოპოლის დაცვისას მძიმე კონტუზია მიიღო, მოხდა მისი ევაკუაცია კავკასიაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კვლავ სამეთაურო კურსების ხელმძღვანელი გახდა, 1942 წლის დეკემბრიდან კი - შავი ზღვის ფლოტის 37-ე პოლკის მეთაურის მოადგილე. 1943 წლის იანვარში, უკვე კაპიტანი კოტანოვი დაინიშნა საგანგებო დანიშნულების სადესანტო რაზმის შტაბის უფროსად. ამ რაზმს, რომელიც ისტორიაში ლეგენდარულად შევიდა, მაიორი ცეზარ კუნიკოვი მეთაურობდა. 

1943 წლის 3 თებერვლის ღამეს კუნიკოვი და მისი რაზმი, კოტანოვთან ერთად, გადმოჯდა მტრის მიერ დაკავებულ და კარგად გამაგრებულ სანაპიროზე, ნოვოროსიისკთან ახლოს, სოფელ მისხაკოსთან. სადესანტო რაზმმა ძლიერი დარტყმით გააძევა ფაშისტები მათი საყრდენი პუნქტიდან და იქ თავად დამკვიდრდა. ამ ადგილს შემდგომში „მცირე მიწა“ („Малая земля“) ეწოდა. შვიდი დღის მანძილზე საბჭოთა მედესანტეები იგერიებდნენ მტრის გააფთრებულ შემოტევებს და პლაცდამს ინარჩუნებდნენ. ამ დროის მანძილზე მათ 200-ზე მეტი ჰიტლერელი გაანადგურეს. 12 თებერვალს მაიორმა კუნიკოვმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და რაზმის მეთაურობა კაპიტანმა კოტანოვმა იტვირთა. 

სპეცრაზმის წარმატებულმა ბრძოლებმა დიდი როლი შეასრულა ნოვოროსიისკის ოპერაციის წარმატებით განხორციელებასა და ამ ქალაქის გათავისუფლებაში. 
1943 წლის აპრილში კაპიტანი კოტანოვი დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის აზოვის სამხედრო ფლოტილიის საზღვაო ქვეითი ჯარის 384-ე განსაკუთრებული ბატალიონის მეთაურად. აღსანიშნავია იმავე წლის 29 აგვისტოს, ტაგანროგის დასავლეთით, კოტანოვის დესანტის მიერ გერმანული გარნიზონის განადგურება და ქალაქ ტაგანროგის გათავისუფლებისთვის ხელშეწყობა, რაც საბჭოთა მხარისათვის მინიმალური დანაკარგებით მოხდა.  ოქტომბერში კოტანოვმა უკვე მარიუპოლთან ახლოს, მელეკინოსა და იურევკას რაიონებში გადმოსხა დესანტი. კოტანოვმა თავისი დესანტის საშუალებით გაათავისუფლა ქალაქი მარიუპოლი, ჯერ კიდევ წითელი არმიის ძირითადი ძალების მოსვლამდე. 

ამ ბრძოლაში მედესანტეებმა გაანადგურეს 600-ზე მეტი ნაცისტი ჯარისკაცი და ოფიცერი, 40-მდე ავტომანქანა, ოთხი საქვემეხე ბატარეია, 18 სატყვიამფრქვევო წერტილი, 75-ზე მეტი დატვირთული ვაგონი და ა. შ. 

1943 წლიდან მოყოლებული, 1944 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, კოტანოვი მთელი შავიზღვისპირა ზოლის, უკრაინის სანაპიროს გათავისუფლებაში მონაწილეობდა. დიდი გმირობა ჩაიდინა კოტანოვის საზღვაო ქვეითთა 384-ე ბატალიონის 55-მა მეზღვაურმა ქ. ნიკოლაევის გათავისუფლებისას, 1944 წლის 26 მარტს, როდესაც 28-ე არმიის კიდევ 12 მეომართან ერთად (უფრ. ლეიტენანტის კ. ოლშანსკის მეთაურობით) დაიკავეს ნიკოლაევის პორტის რამდენიმე შენობა, მოაწყეს თავდაცვითი ზღუდეები და ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ უთანასწორო ბრძოლას მტერთან, წითელი არმიის ძირითადი ძალების მოსვლამდე. ყველა მეზღაურმა მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ხოლო 384-ე ბატალიონმა - საპატიო წოდება „ნიკოლაევსკი“. 

პირადად მაიორმა კოტანოვმა რამდენიმე გმირული ქმედება იასი-კიშინიოვის შემტევი ოპერაციის დროს განახორციელა. 1944 წლის 23 აგვისტოს, თავის ბატალიონთან ერთად, 10 ჯავშანკატარღით, ოდესიდან დნესტრის ლიმანის ბლოკირებისთვის გაემართა. მეორე დილით ადრე ბატალიონი დასახულ რაიონში გადაჯდა და სოფელი ჟერბიანი (პრიმორსკოე) დაიკავა, გავიდა კუნდუკის მიდამოებში და მხოლოდ 60 კაცის შემადგენლობით, უკან დასახევი გზა მოუჭრა მოწინააღმდეგეს. ფაშისტების შემოტევა კოტანოვის მცირერიცხოვანმა რაზმმა მიიღო. ბრძოლები ორ საათს გაგრძელდა. ალყაშემორტყმული მტერი დარწმუნდა, რომ ვერ გაარღვევდა საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დაკავებულ პოზიციებს და დანებება დაიწყო. ჯამში ტყვედ ჩავარდა 4800 ჰიტლერელი, ხოლო განადგურდა 1500 მათგანი. მედესანტეთა დანაკარგებმა 28 კაცი შეადგინა. 

სოფ. ჟერბიენის დაკავებამ მედესანტეების მიერ, საშუალება მისცა დუნაის ფლოტილიას, გასულიყო მდ. დუნაის დელტაზე. განადგურდა მტრის გარნიზონი ქ. ვილკოვოში, 2 ათასი კაცი ტყვედ ჩავარდა. 29 აგვისტოს საბჭოთა ჯარებმა, მათ შორის, 384-ე ბატალიონმა, რუმინული საპორტო ქალაქი კონსტანცა გაათავისუფლეს ფაშისტებისაგან, 8-9 სექტემბერს კი, კოტანოვის მედესანტეები ბულგარეთის პორტებში - ვარნასა და ბურგასში იყვნენ, ეს ქალაქები მათ უკვე უბრძოლველად დაიკავეს, ვინაიდან ადგილობრივი ბულგარელი მოსახლეობა მათ როგორც განმათავისუფლებლებს, ისე დახვდა. 

ყოველივე ამის გამო, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, 1945 წლის 20 აპრილს მაიორ თ. ე. კოტანოვს მიანიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით. 

ომის შემდეგ მაიორი კოტანოვი აგრძელებდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში სამსახურს. 1948 წელს მან ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია დაასრულა, შემდეგ თავად ასწავლიდა მთელ რიგ სამხედრო-საზღვაო სასწავლებლებში. ცხოვრობდა ლენინგრადში.  გარდაიცვალა 1993 წლის 15 სექტემბერს, დაკრძალულია ს.-პეტერბურგში.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, მ. შ. ალექსანდრ ნეველის ორდენითა და სუვოროვის მე-3 ხარისხის ორდენით. 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება