ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე

46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი ამიერკავკასიის, ჩრდ. კავკასიის და 1-ლ უკრაინულ ფრონტებზე, გენერალ-პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. ხვარბეთში 1903 წლის 2 ოქტომბერს. ჰყავდა 3 ძმა - ვიქტორი, დავითი და ვალერიანი. ყველა მათგანი იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე არტილერისტებად. ვიქტორ ლესელიძეც საბჭოთა კავშირის ომის გმირი გახდა. ოთხი ძმიდან სამი სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა (თავად კონსტანტინე, ასევე ვიქტორი და ვალერიანი).

კონსტანტინე ლესელიძემ ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი (1919 წელს) და შემდეგ ოზურგეთის გიმნაზიის 5 კლასი (1921 წელს) დაასრულა. წითელ არმიაში მოხალისედ, 1921 წლის მაისში შევიდა. აგვისტოში კურსანტად გადაიყვანეს ქართულ გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1922 წელს, ხოლო 1925 წელს ექსტერნით დაამთავრა ტფილისის საარტილერიო სკოლა. 1929 წელს არტილერისტ ლესელიძის გამოცდილებას ლენინგრადის საარტილერიო კურსებიც დაემატა.

კომუნისტური პარტიის წევრი 1925 წელს გახდა - თავისი მრწამსის შესაბამისად და მონაწილეობდა ლოკალური ანტისაბჭოთა აჯანყებების ჩახშობაში 1922-1924 წლებში. ლესელიძე ბუნებით სამხედრო კაცი იყო, არმიაში მან ყველა ეტაპი თავისი ნიჭით განვლო. 1929 წელს მე-5 ქართული მსროლელი პოლკის საარტილერიო დივიზიონის მეთაური გახდა. 1931 წლის აპრილიდან დაიკავა მე-2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაურის პოზიცია. 1937 წელს ასრულებდა 63-ე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოვალეობებს, 1938 წლის ივნისიდან კი ბელორუსიაში გადავიდა, ბელორუსიის სამხედრო ოკრუგის მე-5 მსროლელი დივიზიის მეთაურად. 1939 წელს დასავლეთ ბელორუსიის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.

დიდმა სამამულო ომმა კ. ნ. ლესელიძეს სწორედ ბელორუსიაში მოუსწრო. 1941 წლის ივნისში ლესელიძე ბელორუსიის საგანგებო სამხედრო ოკრუგში მე-2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი იყო (დასავლეთის ფრონტი, 50-ე არმია). ბელორუსიის, სმოლენსკის, ტულისა და მოსკოვის თავდაცვითი ბრძოლების წყალობით მიღებული გამოცდილება ლესელიძემ კავკასიის დაცვაში გამოიყენა - 1942 წლის ზაფხულიდან იგი კავკასიაში იბრძოდა. გენერალი ლესელიძე 1943 წლის იანვრამდე ამიერკავკასიის ფრონტის 46-ე არმიას სარდლობდა, 1943 წლის იანვრიდან 1944 წლის თებერვლამდე კი, ეტაპობრივად, ამიერკავკასიის, ჩრდილო კავკასიისა და პირველ უკრაინულ ფრონტებზე 47-ე და 18-ე არმიების სარდალი იყო. ლესელიძემ უზრუნველჰყო კავკასიის ქედის ცენტრალური ნაწილის წარმატებული დაცვა (რის წყალობითაც დაუნდობელმა მტერმა საქართველოში ვერ შემოაღწია), ასევე დიდი როლი შეასრულა ნოვოროსიისკის, ქერჩისა და ჟიტომირ-ბერდიჩევის შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში. კონსტანტინე ლესელიძე ბრწყინვალე სარდალი აღმოჩნდა და მისი არმიები გმირულად იბრძოდნენ.

გენერალი თავს არ ზოგავდა, რის შედეგადაც მტრის ჭურვმა ან ტყვიამ ვერა, მაგრამ ძლიერმა გაციებამ, რომელიც სხვა დაავადებებში გადაეზარდა, არ დაინდო. 1944 წლის 21 თებერვალს ქართველი გენერალი მოსკოვში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. აფხაზეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დასახლებულ პუნქტს იმავე წელს ლესელიძის სახელი ეწოდა, რითაც ხაზი გაესვა ქართველი გენერლის ღვაწლს კავკასიის დაცვის ორგანიზებაში.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მრავალი ორდენის მფლობელმა კონსტანტინე ლესესელიძემ გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ მიიღო. საბჭოთა სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს არ დავიწყებოდა  ქართველი გენერალი, რომლის გმირული ხასიათის და ქმედებების მოწმე თავად იყო. აი რა განაცხადა ბრეჟნევმა 1971 წლის 14 მაისს თბილისში, საბჭოთა საქართველოს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში:

მე წილად მხვდა მეომა საბჭოთა მხედართმთავრებიდან ერთ-ერთ ნიჭიერ მხედართმთავართან - მეთვრამეტე არმიის სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ადამიანები მალევე იხსნებიან, იქ მაშინვე მიხვდები, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე მე დამამახსოვრდა, როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლის მოყვარული და მამაცი, მტრების მიმართ შეურიგებელი და მეგობრებისადმი გულუხვი, ღირსების ადამიანი, სიტყვის ადამიანი, მახვილი გონებისა და ცხელი გულის ადამიანი“. 

თბილისში გაიხსნა კ. ლესელიძის ბიუსტი (დღესაც დგას), ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა. ლესელიძის ქუჩები გაჩნდა ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში, მახარაძეში (ოზურგეთში), ორ სკოლას ეწოდა ასევე ლესელიძის სახელი. რაოდენ სამწუხაროა, რომ აფხაზი ნაციონალისტების მიერ 1992 წელს სოფ. ლესელიძისთვის სახელის შეცვლა მისაბაძი გამოდგა ქართველი ჩინოვნიკებისათვის 2010-იან წლებში, როდესაც თბილისის ლესელიძის ქუჩას ეს სახელი წაართვეს. თუმცა ხალხი მაინც არ ივიწყებს თავის გმირს და ამ ქუჩის მცხოვრებნი, ისევე, როგორც ყველა თბილისელი, ძველებურად ლესელიძის ქუჩას უწოდებენ მას.

კონსტანტინე ლესელიძის სამხედრო წოდებები ასეთია: პოლკოვნიკი (1936), გენერალ-მაიორი (1942), გენერალ-ლეიტენანტი (1942-ის ოქტომბერი), გენერალ-პოლკოვნიკი (1943). უმნიშვნელოვანესი ჯილდოები: სუვოროვის 1-ლი ხარისხის ორდენი (18.9.1943), კუტუზოვის 1-ლი ხარისხის ორდენი (9.10.1943), ბოგდან ხმელნიცკის 1-ლი ხარისხის ორდენი (1944), ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის ორდენები. მედალი „კავკასიის დაცვისთვის“ (1944).



© Didisamamulo.ge
დაბრუნება