მერკვილაძე გარი ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1923 წლის 17 თებერვალს ბათუმში. 9 კლასის სასკოლო განათლების მიღების შემდეგ, დაინტერესდა სამხედრო ავიაციით. უკვე ომის დროს, 1941 წელს, დაასრულა თბილისის, 1942 წელს კი - ქ. არმავირის მფრინავთა სამხედრო-საავიაციო სკოლა, თუმცა მანამდე ფრენა ბათუმის აეროკლუბში ისწავლა.

დიდ სამამულო ომში 1943 წლის მარტში ჩაერთო (270-ე, 1944 წლიდან კი - 152-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, 1-ლი საგვარდიო საჰაერო-მოიერიშე დივიზია, მე-2 საჰაერო არმია, 1-ლი უკრაინული ფრონტი). ამავე წელს ბრძოლებში თავი გამოიჩინა და უმცრ. ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1943 წლის 23 აგვისტოსთვის გარი მერკვილაძეს უკვე 50 საბრძოლო ფრენა დაუგროვდა, ამ ბრძოლებში მან მტრის ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდო, რაც სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენით დაუფასდა. ამავე წლის ბოლომდე უკვე 60 საბრძოლო გაფრენა და წითელი დროშის ორდენი... თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო!

მთელი ომის მანძილზე, გარი მერკვილაძემ შეასრულა 396 სამხედრო ფრენა, მონაწილეობდა 87 საჰაერო ბრძოლაში (Як-1, Як-7, Як-9 თვითმფრინავებით), პირადად ჩამოაგდო მტრის 15 სამხედრო თვითმფრინავი, ჯგუფურ ბრძოლებში - კიდევ ორი. მტრის ძალებსა და ტექნიკას 97-ჯერ შეუტია. ჩამოაგდო ფაშისტების აეროსტატი. საერთო ჯამში, მერკვილაძემ ჰაერში 587 საათი გაატარა.

ახალგაზრდა მფრინავს ხელმძღვანელობა მიიჩნევდა პიროვნებად, რომელიც „ტაქტიკური სიზუსტით ერთმანეთთან ათავსებს სამხედრო ეშმაკობასა და ტექნიკურ პილოტირებას საჰაერო ბრძოლის წარმოების ტაქტიკით. როგორც ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, თავისი პიროვნული მაგალითითა და სიმამაცით მთელ მფრინავთა შემადგენლობას ასწავლის მტრის დამარცხებას საჰაერო ბრძოლებში, ჩვენთვის მინიმალური დანაკარგებით“.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 27 ივნისს. ფლობდა წითელი ვარსკვლავისა და წითელი დროშის 3-3 ორდენს, ალექსანდრე ნეველის ორდენს, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენს, ლენინის ორდენს და სხვადასხვა მედლებს. სიცოცხლის ბოლომდე თავი სამხედრო საქმეს მიუძღვნა. გარდაიცვალა 1971 წლის 2 აპრილს, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება