ვლადიმერ ხუნდაძე და ირაკლი გიკაშვილი - სიძე და ცოლისძმა, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ

როგორც იქნა, ქალბატონ ლია ხუნდაძეს ვესტუმრე - სტალინგრადში მებრძოლი ქართველი მეომრის, ვლადიმერ ხუნდაძის ქალიშვილს.


ქალბატონმა ლიამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პროექტი - „დიდი სამამულო“, რომელიც მომავალი თაობებისათვის პირველ ქართულენოვან ენციკლოპედიას ქმნის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. პროექტის ავტორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც მკითხველები თავად გვიკავშირდებიან და გამოთქვამენ სურვილს, ჩვენი ელექტრონული არქივის რუბრიკაში სახელწოდებით - „ჩემი მამაცი წინაპარი“ - განთავსდეს ინფორმაციები და ფოტოსურათები მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის ძვირფასი ადამიანების, მათ წინაპარ ომის მონაწილეთა შესახებ.

სწორედ ასეთი ძვირფასი ადამიანია ვლადიმერ ივანეს ძე ხუნდაძე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალბატონი ლიას მამა, რომელიც სტალინგრადში იბრძოდა. ქალბატონმა ლიამ გამოთქვა სურვილი, მამის სახელი და ფოტო განთავსდეს ჩვენს ელეტრონულ არქივში და ასევე გამოქვეყნდეს ჩვენი პარტნიორი გაზეთის, „საქართველო და მსოფლიოს“ გვერდებზე. 

ძალიან  ტრაგიკული და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ჩოხატაურელი ვლადიმერ ხუნდაძის ხანმოკლე ბიოგრაფია. სანკტ-პეტერბურგში განათლებამიღებული  მამის, რამდენიმე უცხო ენის მცოდნე ივანე ხუნდაძის ოჯახში 1916 წელს დაბადებული ვლადიმერი, განათლებით ისტორიკოსი, პედაგოგობას აპირებდა და მუშაობდა კიდეც ამ პროფილით. ქალიშვილი, ლია, 1939 წელს დაიბადა. ქ-ნ ლიას ახსოვს, როგორ ელოდებოდა ხოლმე საყვარელ მამას, „პაპკოიას“, ფანჯარასთან, სანამ იგი სამსახურიდან დაბრუნდებოდა. 1941 წელს ცოლ-ქმარ ხუნდაძეებს მეორე ქალიშვილი, ლუარა შეეძინათ.

ვლადიმერი წითელ არმიაში 1942 წლის ზაფხულში გაიწვიეს და პირდაპირ ფრონტის ყველაზე ურთულეს მიმართულებაზე - სტალინგრადის დასაცავად, გააგზავნეს. გვარდიის უფროსი სერჟანტი ხუნდაძე სტალინგრადისთვის წარმოებულ ბრძოლებში ამ ბრძოლების თითქმის დასაწყისიდან ბოლომდე მონაწილეობდა - 1942 წლის 21 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე. მიღებული აქვს მედალი „სტალინგრადის დაცვისათვის“ (დასტურდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივის დოკუმენტით - ფონდი 12776, აღწერა 2, შენახვის ერთეული - 7). 

ქალბატონი ლია ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, მაგრამ როგორც ჩანს, სტალინგრადის ბრძოლების შემდეგ, ვლადიმერ ხუნდაძე დაიჭრა. ხელმძღვანელობამ იგი სახლში დააბრუნა და მას, როგორც პედაგოგს, შეეძლო მშვიდობიან ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ თავად ვლადიმერმა არ ისურვა სახლში დარჩენა , მეუღლისთვის უთქვამს: ვერ დავრჩები, ჩემი მეგობრები ფრონტზე არიანო და მალე ისევ საომრად გაბრუნდა, თავისივე ნებით. იბრძოდა ბრიანსკის ფრონტზე, შემდეგ - ვორონეჟის ფრონტზე. საუბედუროდ, ეს მისი ბოლო ფრონტი აღმოჩნდა - 1943 წლის 12 აგვისტოს ვლადიმერ ხუნდაძე ბრძოლაში დაიღუპა უკრაინის სსრ ტერიტორიაზე. დაკრძალულია სუმის ოლქში, სოფელ ჩერნეტჩინაში. 

ასე დაქვრივდა 21 წლის ასაკში ვლადიმერის მეუღლე, ეთერ გიკაშვილი, რომელიც თავისი გმირი მეუღლის დიდი სიყვარულით აღარასოდეს გათხოვილა.

შემონახულია „ჯილდოს ფურცელი“ („Наградной лист»), 536-ე გვარდიული განსაკუთრებული ნაღმმტყორცნი დივიზიონის მეთაურის, გვარდიის კაპიტან კორობკოვის ხელმოწერით, სადაც ვლადიმერ ხუნდაძის სიმამაცეა ასახული. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:

„საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, სოფელ ზადუშნოეში [მდებარეობს ქალაქ მცენსკთან ახლოს, ორიოლის ოლქში] ამხანაგი ხუნდაძე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოწინააღმდეგის ქარიშხლისებური ნაღმების ცეცხლის პირობებში, მუშაობდა ნაღმების [ერთი სიტყვა ხელნაწერ ტექსტში გაურკვეველია] გასამართად. ოპერაციის მიდამოებში ჩამოგდებულ იქნა მოწინააღმდეგის ალმოდებული თვითმფრინავი,  რომელიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალით. ალის ჩაქრობის გარეშე იქმნებოდა M-30-ის ჭურვების აფეთქების საფრთხე. ხუნდაძე პირველი გავარდა ცეცხლის ჩასაქრობად და დანარჩენი მებრძოლებიც აიყოლია. ხანძრის ჩაქრობით მან უზრუნველჰყო უსაფრთხოება. ამხანაგი ხუნდაძე იმსახურებს სამთავრობო ჯილდოს, მედალს -За отвагу -მამაცობისათვის“.

ტრაგიკული აღმოჩნდა ქ-ნი ლიას ბიძის, 1917 წელს დაბადებული ირაკლი გიორგის ძე გიკაშვილის ბედიც. ასევე პედაგოგი, ირაკლი გიკაშვილი განაწილებული იყო ჯავის სკოლაში. ფრონტზე თბილისის საქალაქო სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს 1943 წელს. 49-ე გვარდიული სატანკო ბრიგადის ტანკის ეკიპაჟის მეთაური, ლეიტენანტი გიკაშვილი დაიღუპა ბრძოლაში 1945 წლის 20 თებერვალს, გერმანიაში. ჰყავდა ერთი ქალიშვილი, 1940 წელს დაბადებული, რომელიც შარშან გარდაიცვალა.

შვილიშვილების და შვილთაშვილების პატრონი, ქ-ნი ლია ხუნდაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სწორი ცოდნა გადავცეთ მომავალ თაობებს დიდი სამამულო ომის შესახებ. მან თავისი ვალი ამ მხრივ მოიხადა. თავის დროზე ქალბატონი ლია ვოლგოგრადშიც ჩადიოდა, ეცნობოდა არქივებს, რეალურ ისტორიას ასწავლიდა თავის შვილიშვილებს, ახალგაზრდა თაობებს... აღარ არის დღეს ის საოცარი დრო, მაგრამ ერის ისტორიულ მეხსიერებაში ეს ყველაფერი სამუდამოდ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერს გადარჩენა არ უწერია!
 

გულბაათ რცხილაძე


© Didisamamulo.ge
დაბრუნება