ზაცეპა ლევ გრიგოლის ძე

ლევ გრიგოლის ძე ზაცეპა დაიბადა 1916 წელს თბილისში, მუშის ოჯახში. დაამთავრა სკოლის შვიდწლედი და საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებელი, მუშაობდა დურგლად. ჯარში 1936 წელს, თბილისის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია. გახდა მფრინავი, კადრის ოფიცერი, შევიდა სკკპ რიგებში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 23 თებერვალს - საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებისათვის. გარდაიცვალა 1996 წლის 22 ნოემბერს ქ. ლუცკში (უკრაინა), სადაც იგი 1960 წლიდან ცხოვრობდა.

ლევ გრიგორის ძე ზაცეპა მე-4 უკრაინის ფრონტზე, მე-8 საჰაერო არმიის 244-ე მოიერიშე საავიაციო დივიზიის მე-8 მოიერიშე საავიაციო კორპუსში იბრძოდა მაიორის რანგში. 1942 წელს ერთადგილიანი მოიერიშე Ил-2-ში იჯდა, 1943-1944 წლებში კი - ორადგილიანში. 1945 წლის მარტიდან ზაცეპა უკვე Ил-10-ს მართავდა.

1944 წლის 17 ოქტომბრიდან მან 91 წარმატებული ფრენა შეასრულა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გასანადგურებლად, დაზვერვის მიზნით, სარკინიგზო ეშელონების ასაფეთქებლად, საბჭოთა ქვეითი ჯარების მხარდასაჭერად. ზაცეპამ 37 გერმანული ტანკი, 3 თვითმავალი ქვემეხი „ფერდინანდი“, 127 ავტომანქანა, 146 დატვირთული ფურა, სხვადასხვა კალიბრის 18 ქვემეხი, მიწაზე მდგარი 9 თვითმფრინავი, საბრძოლო მასალების 3 საწყობი, 250 მეტრი სარკინიგზო ხაზი, 8 სარკინიგზო ეშელონი, 12 შენიღბული საცეცხლე წერტილი, მტრის 580-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. გამართა 7 საჰაერო ბრძოლა რიცხობრივად აღმატებულ მოწინააღმდეგის ძალებთან, რის შედეგადაც ჩამოაგდო ორი „მესერშმიტ-109“ და ერთი საარტილერიო მაკორექტირებელი თვითმფრინავი. ამ ფენომენალური წარმატებისთვის, რაც პირადი მამაცობის და გმირობის გარეშე არ მიიღწევა, ზაცეპამ მიიღო კიდეც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 1945 წლის 23 თებერვალს.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება