ზუმბულიძე ბაგრატ (ბორის) ზაქარიას ძე

ბაგრატ (ბორის) ზაქარიას ძე ზუმბულიძე დაიბადა 1905 წელს ქ. გორში. იყო სკკპ წევრი. მფრინავი. კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის და სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 29 ივნისს - საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა თბილისში, 2000 წელს. 

1927 წელს თბილისის გაერთიანებული ქვეითთა სკოლა დაამთავრა, თუმცა სამხედრო ავიაცია უფრო იტაცებდა. ამიტომ, 1932 წელს ზუმბულიძე უკვე ხარკოვის მფრინავთა და მფრინავ-დამკვირვებელთა სამხედრო საავიაციო სკოლას ამთავრებს. მსახურობდა საჰაერო-შეიარაღებულ ძალებში შტურმანად, უკრაინაში.

დიდი სამამულო ომის დაწყებისას ბაგრატ ზუმბულიძე უკვე გამოცდილი მფრინავი და კადრის ოფიცერი იყო. ომის პირველივე დღეებიდან გააფთრებით იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ. სულ მალე, 1941 წლის ივლისში დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. მეთაურობდა დასავლეთის ფრონტის 1-ლი მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის ესკადრილიას, ხოლო 1941 წლის აგვისტოში იმავე პოლკის მეთაურის მოადგილედ დანიშნეს. მონაწილეობდა ბელორუსიისა და მოსკოვის ბრძოლებში. 1944-ში გახდა 406-ე ღამის ბომბდამშენი საავიაციო პოლკის მეთაური.

ყირიმი, ლიტვა, აღოსავლეთი პრუსია - უზარმაზარი გეოგრაფია აქვს ზუმბულიძის პოლკს მოცული. ТБ-3 და По-2 ბომბდამშენებით გორელმა კაცმა 100 საბრძოლო ფრენაზე მეტი განახორციელა. რაც შეეხება ზუმბულიძის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ავიაპოლკს, მან 13600 საბრძოლო ფრენა განახორციელა, გერმანელ დამპყრობლებს პოლკმა თავზე 865 ტონა საავიაციო ბომბები დააყარა.

ბაგრატ ზუმბულიძის სამხედრო და ორგანიზატორული ნიჭი ჯეროვნად დააფასა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1945 წლის 29 ივნისს, როდესაც მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება