ავალიანი ლავრენტი ივანეს ძე

ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი დაიბადა 1923 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1943 წლებში. დაჯილდოებული იყო ლენინისა და წითელი დროშის ორდენით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ბრძოლაში გამოვლენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის 1943 წლის 16 ნოემბერს (სიკვდილის შემდეგ).

18 წლის მორიდებული ჭაბუკი, კომკავშირის წევრი, თავისი ნებით ჩაერთო დიდ სამამულო ომში. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან დავალებებს აძლევდა. სამჯერ იყო დაჭრილი ბრძოლებში და არც ერთხელ არ დაიცადა, რომ ჭრილობები ბოლომდე მოშუშებოდა - ისევ ომში ერთვებოდა.

სერჟანტმა ავალიანმა 1943 წლის 10 ოქტომბერს უკრაინაში, ზაპოროჟიეში, მოწინააღმდეგის მძლავრი კონტრშეტევის დროს გამოაჩინა მთელი თავისი გმირული ხასიათი. მან ზუსტი ცეცხლით გაანადგურა ერთი გერმანული ტანკი, ხოლო მეორე, რომელმაც თავად იგი სამიზნეში ამოიღო, 40-45 მეტრით ახლოს მოუშვა, შემდეგ კი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან განხორციელებული რამდენიმე ზუსტი გასროლით, ისიც გაანადგურა.

მაგრამ ტანკებს ქვეითები მოჰყვებოდნენ, მეავტომატეები. ლავრენტი ავალიანმა ხელის ტყვიამფრქვევით არაერთი მათგანი გაანადგურა - ბოლო ტყვიამდე. როდესაც ტყვიები და ხელყუმბარები მთლიანად დაუმთავრდა, ქართველი გმირი მრავალრიცხოვან მტერს ფინური დანით ეკვეთა. ხელჩართულ ბრძოლაში მან 12 გერმანელი მოსპო და თავადაც დაეცა გმირული სიკვდილით.

ეს მოხდა ხუტორ კანადსკისთან. ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ქუჩას ლავრენტი ავალიანის სახელი მიენიჭა, ისევე, როგორც წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საშუალო სკოლას.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება