ბუაჩიძე გრიგოლ მიხეილის ძე

გრიგოლ მიხეილის ძე ბუაჩიძე დაიბადა 1916 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ფარცხნალში. სკკპ წევრი. არტილერისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 26 ოქტომბერს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.  გარდაიცვალა 1996 წელს.

ქართველი გმირის ბრძოლების გეოგრაფია უკრაინას, სტალინგრადს, შემდეგ ისევ უკრაინას (დნეპრის ფორსირება), მოლდავეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავსტრიას და თვით ბერლინსაც მოიცავდა. ბუაჩიძე წითელ არმიაში 1939 წლიდან მსახურობდა, ვიდრე 1945 წლამდე, როდესაც რაიხსტაგის თავზე გამარჯვების წითელი დროშა აღიმართა. ჯერ მარტო ეს არის გმირობის ტოლფასი, მაგრამ საბჭოთა კავშირის გმირის ოფიციალური ტიტულის დამსახურებას კიდევ სხვა ქმედებები სჭირდებოდა. დნეპრის მარჯვენა სანაპიროს შენარჩუნება ურთულესი ამოცანა იყო, რადგან ჰიტლერელები ასპროცენტიანი ძალების მობილიზებით ცდილობდნენ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, გაენადგურებინათ ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი საბჭოთა ძალები, რომლებმაც მდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადმოლახეს და მარჯვენა სანაპიროზე განლაგდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანელებმა მხოლოდ ერთ დღეში, 27 სექტემბერს, სამი კონტრიერიში განახორციელეს. ბუაჩიძე ერთ-ერთი პირველი გადავიდა დნეპრზე და, რაც იშვიათი შემთხვევა იყო, ქვემეხით განლაგდა ქვეითებთან ერთად, წინა ხაზზე. საოცარია, მაგრამ ჩვენს არტილერისტებს ხელჩართულ ბრძოლაში მოუხდათ მონაწილეობის მიღება, ბევრი მათგანი დაიღუპა. თავად გრიგოლმა მძიმე კონტუზია მიიღო, მაგრამ ბრძოლა განაგრძო. მან 30 გერმანელი ფაშისტი გამოასალმა სიცოცხლეს. მეორე დღეს ნაცისტები 20 ტანკითა და ქვეითთა ორი ბატალიონით დაიძრნენ. დღის ბოლოს 11 გერმანული ტანკი, ცეცხლით განადგურებული, ხრჩოლავდა... მათგან ორი პირადად ბუაჩიძემ გაანადგურა.

იმავე 1943 წლის 10 ოქტომბერს ბუაჩიძემ, თანამებრძოლებთან ერთად მძიმე გერმანულ ტანკებთან გამკლავება მოუხდა, რომელთაც უკან ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითები მოჰყვებოდნენ. ბუაჩიძის ქვემეხები ვერ იღებდნენ გერმანული ტანკების ჯავშანს, ტანკები წინ მოქროდნენ. ქართველმა ვითარება სწორად შეარჩია და გერმანულ ტანკებს სუსტი წერტილი მოუძებნა - თუკი მათ წინა ნაწილზე ჯავშანი სქელი იყო, გვერდებზე შედარებით თხელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ბუაჩიძემ ქვემეხებს პოზიცია შეუცვალა და მტრის ტანკებს გვერდებიდან გაუხსნა ცეცხლი. როდესაც პირველი გერმანული ტანკი ალმოდებული გაჩერდა, წითელარმიელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კიდევ ერთი ტანკიც გაჩერდა, დანარჩენმა ორმა კი უკან გაბრუნება ამჯობინა, მათ გარეშე კი გერმანელთა ქვეითი ჯარი დაუცველი აღმოჩნდა და ისინი განადგურებულ იქნენ. დნეპრის პლაცდარმი შენარჩუნებულ იქნა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება