ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე

ვლადიმერ მიხეილის ძე ესებუა დაიბადა 1917 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 17 ნოემბერს - ქერჩის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. ომის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ზუგდიდს. გარდაიცვალა 1971 წელს.

1943 წლის ბოლოს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ქერჩის სადესანტო ოპერაცია შეიმუშავა. ამ უმძიმეს ოპერაციაში მონაწილეობდა ვლ. ესებუა, 318-ე ნოვოროსიისკის მსროლელი დივიზიის 1339-ე მსროლელი პოლკის პირველი ბატალიონის შემადგენლობაში. იმ მომენტისათვის უკვე სახელმოხვეჭილმა მსროლელმა ესებუამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას - მან ხრახნიანი შაშხანიდან გახსნილი ზუსტი ცეცხლის საშუალებით არსებითი დახმარება აღმოუჩინა თანამებრძოლებს, ქერჩის ნახევარკუნძულზე დაკავებული ერთი პლაცდარმის შენარჩუნებაში. 6 დღის მანძილზე ესებუამ  30 ფაშისტი მოსპო, თავად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა, თავადვე გადაიხვია ჭრილობა და ბრძოლა განაგრძო.

გერმანელების ერთ-ერთი კონტრშეტევისას ზუგდიდელს ტყვიები გაუთავდა. მტერს ეგონა, რომ იგი დაიღუპა, მაგრამ როდესაც ნაცისტები მის სამალავს მიუახლოვდნენ, ესებუამ მათ უეცრად ხელყუმბარები დაუშინა. 6 გერმანელი იქვე აფეთქდა, დანარჩენები გაიქცნენ.

ვლ. ესებუას სიმამაცე და გმირული საქციელი მე-20 სადესანტო-მსროლელი კორპუსის გენერალ-მაიორმა ნ.შვარიოვმა აღნიშნა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარადგინა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება