გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე

ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი დაიბადა 1903 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და დიდების მესამე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 13 დეკემბერს - კავკასიის დაცვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა 1945 წლის აპრილში ბერლინის შტურმის დროს.
გლეხმა კაცმა, კოლმეურნე ნიკოლოზ გოგიჩაიშვილმა სამხედრო მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში, 276-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში გაიარა. ტრაქტორისტმა იოლად აითვისა ტყვიამფრქვევი „მაქსიმის“ მოხმარება, ნებისმიერი მანძილიდან ზუსტად ისროდა.

1942 წელს, ნოემბერში, დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა გიზელში, ქ. ორჯონიკიძის (დღევანდელი ვლადიკავკაზი) მისადგომებთან. აქ იწყება საქართველოს სამხედრო გზა, თბილისამდე კი 205 კილომეტრიღაა დარჩენილი - მტერს საქართველოში შემოსვლის საშუალება არასგზით არ უნდა მისცემოდა.  გერმანელები ორჯონიკიძის აღებას საშვიდნოემბროდ გეგმავდნენ და ამ შემთხვევაში, საქართველოში შემოჭრა გადაწყვეტილი საქმე იქნებოდა.

2 ნოემბერს ნაცისტებმა სოფელ ქვემო სანიბთან მოტორიზებულ ქვეითთა ორ ბატალიონსა და დაახლოებით 100 ტანკს მოუყარეს თავი. ეს იყო გადამწყვეტი შეტევისთვის სამზადისი. მაგრამ გერმანელებს საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ დაასწრო. მოვიდა ბრძანება საერთო შეტევის დასაწყისად. ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი პირველი  ამოხტა სანგრიდანშეძახილით - „წინ, სამშობლოსათვის, სტალინისათვის!“ და მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ გაემართა. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც გერმანელები დამარცხდნენ და დიდი დანაკარგები განიცადეს. პირადად გოგიჩაიშვილმა ხრახნიანი თოფითა და ხიშტით 15 ფაშისტი გამოასალმა სიცოცხლეს.

კავკასიაში გოგიჩაიშვილმა კიდევ არაერთხელ გამოიჩინა თავი. გიზელის ოპერაცია გერმანელებს ჩაუფლავდათ, მათი მე-13 სატანკო დივიზია სრულად იქნა განადგურებული, ხოლო 23-ე სატანკო და „ეს-ეს“-ის დივიზიამ „ვიკინგი“ პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაკარგეს.

ქართველი გმირი კავკასიიდან ბერლინამდე ჩავიდა, სადაც ბედმა უმუხთლა და ომის დამთავრებამდე სულ მცირე ხნით ადრე დაეცა გმირულ ბრძოლაში. გადმოასვენეს და დაკრძალეს კიევში, საძმო სასაფლაოზე.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება