გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე

გრიგოლ ივანეს ძე გაბრიაძე დაიბადა 1917 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ძუყნურში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში სევასტოპოლის მისადგომებთან 1944 წლის 19 აპრილს.

მამაცი ქართველი მებრძოლი, უფროსი ლეიტენანტი გრიგოლ გაბრიაძე 1944 წელს მე-4 უკრაინულ ფრონტზე იბრძოდა, იგი მეთაურობდა დებალცევოს 346-ე დივიზიის 1168-ე წითელი დროშის ორდენოსანი პოლკის 1-ლი ბატალიონის მე-3 ქვედანაყოფს. ამ წლის 9 აპრილს დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა აიგულის ტბასთან. საქმე ეხებოდა ყირიმის გათავისუფლებას.

გაბრიაძის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობამ მისცა სიმაღლე 30,3-ის აღების დავალება. პირდაპირი შეტევით ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ, მეთაურმა გაბრიაძემ მოწინააღმდეგეს შემოუარა და იქ შეუტია, სადაც იგი შეტევას არ ელოდა. მოკლეხნიან ბრძოლაში განადგურებულ იქნა მტრის 3 ტყვიამფრქვევი, ჯარისკაცებიანად. დანარჩენი გერმანელები გაიქცნენ და სიმაღლე ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიკავეს.

სამი დღის შემდეგ, გაბრიაძემ და მისმა თანამებრძოლებმა, თითქმის გაუვალი ჭაობი გაიარეს და შემოვლითი მანევრით ალყა შემოარტყეს ხუტორ კირიკს, რომელსაც მოწინააღმდეგე შედარებით დიდი ძალებით იცავდა, მაგრამ გაბრიაძის რაზმმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 4 სატყვიამფრქვევე წერტილი, სამი ნაღმმტყორცნი, ჯარისკაცების და ოფიცრების ორი რაზმი. 35 გერმანელი ჯარისკაცი და 2 ოფიცერი ტყვედ იყვნენ აყვანილნი, ორ ქვემეხთან, ხუთ ტყვიამფრქვევთან და სხვა მსუბუქ შეიარაღებასთან ერთად.

12 აპრილს მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ გაბრიაძემ ეს შეტევა ჩაშალა. გაბრიაძის რაზმმა კონტრშეტევას კონტრშეტევით უპასუხა და მის ქვედანაყოფს საბჭოთა ბატალიონის გამოჰყვა. ასე გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე სოფელი, გზა გაიხსნა სევასტოპოლისკენ, რომლისკენაც გზაზე მხოლოდ სოფელი კამიშლი იყო დარჩენილი, რომელიც გაბრიაძის ხელმძღვანელობით გათავისუფლდა 19 აპრილს, გერმანული ქვეითი ჯარების განადგურებით. სწორედ ამ ბრძოლაში აუღელვებელმა და უდრეკმა გაბრიაძემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. სამწუხაროდ, მე-3 ქვედანაყოფი სევასტოპოლში უკვე თავისი გმირი მეთაურის გარეშე შევიდა.

ტყიბულის საშუალო სკოლა ნომერ 1-ს და ერთ-ერთ ქუჩას გრიგოლ გაბრიაძის სახელი მიენიჭა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება