გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე

მიხეილ ლევანის ძე გახოკიძე დაიბადა 1909 წელს გეგეჭკორის რაიონის სოფელ ქვაითში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941 წლის ივნისიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 20 ივნისს- სევასტოპოლის დაცვისათვის წარმოებული გმირული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1973 წელს.

სევასტოპოლი დიდი სამხედრო წარსულის მქონე ქალაქია, რომელიც რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების გმირობის მემატიანეა ჯერ კიდევ 1853-1856 წლების ყირიმის ომიდან მოყოლებული. დიდი სამამულო ომის დროს კი, ამ ქალაქის ფაშისტებისგან დაცვაში თავისი გმირული წვლილი ქართველმა კაცმა, მიხეილ გახოკიძემ შეიტანა. სევასტოპოლის დაცვა მნიშვნელოვანი იყო 1942 წლის ზაფხულში სტალინგრადისა და კავკასიისაკენ დაძრული გერმანელთა ძალების ნაწილის ყურადღების გადმოსატანად და ამ საშუალებით მათი წინსვლის  შესაფერხებლად. გერმანული მე-11 არმიამანშტაინის ხელმძღვანელობით, სწორედ სევასტოპოლის წინააღმდეგობამ გამოფიტა და როდესაც ქალაქი მაინც დაეცა 4 ივლისს, მე-11 არმიას აღარ ჰქონდა სწრაფი რეაბილიტაციისა და აღმოსავლეთის მიმართულებით ბრძოლების დაუყოვნებლივ წარმოების  შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, სტალინგრადის ბრძოლები მხოლოდ იმავე წლის 17 ივლისს დაიწყო.

1942 წლის 11 ივნისს გერმანელთა ბატალიონმა, საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით, შეუტია იმ პოზიციებს, რომლებსაც მ. გახოკიძის შენაერთი იცავდა. ნაცისტები ოთხჯერ ეცადნენ დაცვის ხაზის გარღვევას და ოთხივეჯერ იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. იმ დღეს საბჭოთა რაზმმა 200-ზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ყველაზე რთულ მონაკვეთებზე პარტიული ხელმძღვანელი - „პოლიტრუკი“ გახოკიძე იბრძოდა. ხელჩართული ბრძოლის ერთ მომენტჭი მ. გახოკიძე და მისი კიდევ სამი თანამებრძოლი ალყაში აღმოჩნდნენ. ხრახნიანი თოფებით, ხიშტებით, ყუმბარებითა და დანებით შეიარაღებული საბჭოთა ჯარისკაცები მტერს ეკვეთნენ. გახოკიძემ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ტყვიამფრქვევის წართმევა და თავად გახსნა გამანადგურებელი ცეცხლი. წითელარმიელებმა არა მხოლოდ ალყა გაარღვიეს, არამედ გერმანელების მიერ დაკავებული სანგრებიც უკან დაიბრუნეს. ხელჩართულ ბრძოლაში მიხეილ გახოკიძემ ორი ჯარისკაცი და ერთი ოფიცერი მოკლა, ტყვიამფრქვევით კი 68 მოწინააღმდეგე დახოცა და დაჭრა.
გახოკიძემ იმ დღესვე გაითქვა სახელი. მისი გმირობის შესახებ გენერალ-მაიორმა ი. პეტროვმა ტელეფონით აცნობა უმაღლეს სარდლობას და მისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭება მოითხოვა, რაც შესრულდა კიდეც.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება