გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე

ივანე ნიკოლოზის ძე გვენცაძე დაიბადა 1907 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ბარეულში.  იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 17 მაისს - დნეპრის გადალახვისათვის. ომის შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, გარდაიცვალა 1990 წელს.

მე-14 გვარდიის მსროლელ დივიზიაში შემავალი ლეიტენანტ გვენცაძის საარტილერიო ბატარეია ყოველთვის ქვეითთა პირველ რიგებში იმყოფებოდა და კლდესავით იცავდა ჯარისკაცებს, როდესაც მდ. დნეპრის ფორსირება ხდებოდა. დივიზიის მეთაურმა პოლკოვნიკმა სლატოვმა ბრძანება გასცა, რომ მოსვენება არ მიეცათ გერმანელებისათვის, სანამ საბჭოთა რეზერვები წინ წამოიწევდნენ.

დასახული ამოცანის შესასრულებლად 33-ე გვარდიის საარტილერიო პოლკის კაპიტანმა პუსტოვოიმ დიდ ხანს არ იფიქრა იმაზე, თუ რომელი ბატარეა უნდა გაეშვა პირველად მდინარის ფორსირებაზე - ეს იყო მე-7 ბატარეია, რომლსაც ლეიტენანტი გვენცაძე მეთაურობდა. გვენცაძის ჯგუფს მანამდე უკვე ჰქონდა თავი ნასახელები - მათ გაანადგურეს ოთხი ტანკი, ორი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 400-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი.

1943 წლის 21 სექტემბერს არტილერისტები უკვე დნეპრის მეორე მხარეს გადასასვლელად ემზადებოდნენ. გვენცაძემ ურთულესი ამოცანა შეასრულა - შეიარაღების გადასაზიდი ბორნის შემოწმებით დაწყებული, მდინარეზე გადასვლის გეგმით გაგრძელებული და გადასვლის შემდგომ გამართული ბრძოლით დასრულებული, მან ყველაფერი ზუსტად გათვალა და დაგეგმა. დნეპრის ფორსირება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე გვენცაძემ მდინარეში მდებარე კუნძული პუშკარევსკი დაიკავა მტრისთვის მოულოდნელად. ნაცისტებმა მთელი ძალები კუნძულის დასაბრუნებლად შეაგროვეს და ფლანგები დაასუსტეს, რითაც ისარგებლა კიდეც წითელი არმიის სარდლობამ.

გვენცაძემ არა მხოლოდ გაუძლო გერმანელების კონტრშეტევებს, არამედ, თავის მონაკვეთზე პირველმა მოახერხა არტილერიისა და ჯარისკაცების გადაყვანა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელი დომოტკანის ახლოს მდებარე სიმაღლე დაიკავა და ბრძოლით შეინარჩუნა. გვენცაძის რაზმმა ამ ბრძოლებში მტრის 200-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება