გუბელაძე ვლადიმერ იასონის ძე

ვლადიმერ იასონის ძე გუბელაძე დაიბადა 1921 წელს მაიაკოვსკის რაიონის სოფელ ზეკარში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. ხუთჯერ იყო დაჭრილი და გამოჯანმრთელების შემდეგ ყოველთვის უბრუნდებოდა ფრონტს. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 8 თებერვალს, ხოლო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, იმავე წლის 22 თებერვალს, მდ. დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობის გამო.

გვარდიის ლეიტენანტი, არტილერისტი ვლ. გუბელაძე 1943 წლის შემოდგომაზე 110-ე გვარდიის მსროლელი დივიზიის 307-ე გვარდიის მსროლელი პოლკის შემადგენლობაში, მდ. დნეპრთან იბრძოდა. ამ პოლკში გუბელაძის 45-მილიმეტრიანი ქვემეხები იყო თავმოყრილი. 7 ოქტომბერს ბრძოლები გაფიცხდა, საბჭოთა ჯარისკაცებმა სწრაფი შეტევის შედეგად დაიკავეს მოსახერხებელი ადგილები. გერმანელებს ამასთან შეგუება არ სურდათ და მათ რამდენიმე კონტრიერიში სცადეს. ლეიტენანტ გუბელაძის არტილერისტები წინა რიგებში იბრძოდნენ. ვლადიმერმა ქვემეხი ღია ადგილზე გამოაგორა და პირდაპირი დამიზნებით ანადგურებდა ფაშისტებს. მტერმა იგრძნო წითელარმიელების ძალა და უკან დაიხია.

15 ოქტომბერს ბრძოლები სტრატეგიულ სიმაღლე 177,0-ისთვის გაჩაღდა, რომელსაც საბჭოთა გარნიზონი იცავდა. გერმანელებმა ტანკები აამოქმედეს და მათ ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი ცეცხლი დაახმარეს. ვითარება დამძიმდა. მტერმა ორი ტანკი დაკარგა, თუმცა საბჭოთა არტილერისტებმა თავიანთი შემადგენლობის ნახევარი დაკარგეს. ქვემეხის დამმიზნებელიც დაიღუპა და მისი ადგილი თავად ლეიტენანტმა გუბელაძემ დაიკავა, რომელიც გერმანელების ტანკებს შეებრძოლა. ზეკარელი კაცის სიმამაცემ თავისი გაიტანა - გუბელაძის მიერ პირადად განადგურებული 3 გერმანული ტანკი საწინდარი გახდა იმისა, რომ მტერს უკან დაეხია. გამარჯვება საბჭოთა ჯარს დარჩა.

ვლ. გუბელაძეს ბიუსტი დაუდგეს მაიაკოვსკის (ახლანდელი ბაღდათი) ცენტრში და ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს მძიმე დროშიც გამოხატავს პატივს გმირისადმი და ამ ბიუსტს 9 მაისს ყვავილებით ამკობს ხოლმე.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება