გურგენიძე ალექსანდრე ერმალოზის ძე

ალექსანდრე ერმალოზის ძე გურგენიძე დაიბადა 1916 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში. სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველისა და სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 6 მარტს- საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1975 წელს.

გურგენიძე მფრინავი-მოიერიშე გახლდათ. მის მიერ მართული „ილ-2“ მრისხანე იარაღად  გადაიქცეოდა ხოლმე. წარმატებული ბრძოლები ქართველმა ნოვოროსიისკისა და ქერჩის თავზე დაიწყო, სადაც იგი გერმანული ჯარების ტამანის დაჯგუფების განადგურებაში აქტიურად მონაწილეობდა.
1944 წლის 9 მაისს მტრის გემების დასაბომბად გურგენიძე 18 მოიერიშე „ილ-2“-ს გაუძღვა. მტერი არ აღმოჩნდა იმ ადგილზე, სადაც მისი ნახვა ივარაუდებოდა, მაშინ გურგენიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დაებომბათ გერმანული ხომალდები, რომლებიც კაზაჩიას უბეში იდგნენ. ეს უბე ნაცისტებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული, საზენიტო ცეცხლით, მაგრამ ქართველმა მფრინავმა გაარღვია მათი თავდაცვა, ჩაძირა 4 ხომალდი, გაანადგურა კიდევ ორი თვითმფრინავი „ჰამბურგ-138“ და მთელი თავისი ჯგუფით უვნებლად დაბრუნდა ბაზაზე. 

ყირიმის გათავისუფლების შემდეგ გურგენიძის შენაერთი ბალტიის ზღვაზე საომრად გადაიყვანეს. 1944 წლის 15 სექტემბერს ალექსანდრე გურგენიძე, 8 თვითმფრინავთან ერთად, მოწინააღმდეგეს ბომბავდა შვედეთის კუნძულ გოტლანდთან ახლოს და მოწინააღმდეგის ძლიერი საზენიტო ცეცხლის მიუხედავად, მან და მისმა ჯგუფმა გერმანელებს 2 გემი ჩაუძირეს. 

21 სექტემბერს ა. გურგენიძემ ძალზე რთული მისია იკისრა და ტალინის პორტი დაბომბა, რადგან დასაფარი მანძილი თვითმფრინავ „ილ2“-ის მოქმედების რადიუსს აჭარბებდა. პორტის გარშემო გერმანელებს მძლავრი თავდაცვითი სისტემა ჰქონდათ მოწყობილი. მიუხედავად ამისა, კაპიტანმა გურგენიძემ განახორციელა შეტევა პორტზე. გურგენიძემ პირადად ჩამოაგდო 250-კილოგრამიანი ბომბი 5-ათასი ტონაჟის მქონე მტრის გემზე და ჩაძირა იგი. გარდა ამისა, რეაქტიული ჭურვების საშუალებით, მან ერთი იალქნიანი შხუნაც ზედ მიაყოლა. 

8 ოქტომბერს ქართველმა კაპიტანმა პირადად ჩაძირა 8-ათას-ტონიანი გერმანული გემი100-კილოგრამიანი ბომბით, ხოლო 6 ოქტომბერს სამი ბომბის ზუსტი მორტყმით მწყობრიდან გამოიყვანა დიდი სატვირთო გემი, 7 ოქტომბერს - მეორე ხომალდი, რომლის გემბანზე დაჭრა და დახოცა 200-მდე ნაცისტი ჯარისკაცი და ოფიცერი. 9 ოქტომბერს კიდევ ერთი 3-ათას ტონაჟიანი გემი ჩაძირა.

ერთი წლის მანძილზე კაპიტანმა გურგენიძემ 91 საბრძოლო გაფრენა განახორციელა, მოწინააღმდეგის 30 ხომალდი ჩაძირა, გაანადგურა ტანკი და ნაღმმტყორცნთა ბატარეა, არტილერიის 2 ბატარეა, 13 ავტომანქანა, ჭურვების 2 საწყობი, ჩამოაგდო 2 თვითმფრინავი, გაანადგურა 350-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი. 

გურგენიძემ მთელი ომი ბოლომდე გაიარა და გამარჯვების დღეც იზეიმა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება