კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე

დაიბადა სოფ. ცხმორში (ონის რ-ნი) გლეხის ოჯახში, 1904 წლის 2 აპრილს. საშუალო განათლების მიღებისა და უბრალო მუშად მუშაობის შემდეგ, წითელი არმიის რიგებში შევიდა 1922 წელს. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი საბჭოთა კავშირის გმირი გახდებოდა, გენერალ-მაიორის რანგში...
1926 წელს დაასრულა კრემლის გაერთიანებული სამხედრო სკოლა, მსახურობდა ქვეითად. 1933 წლიდან შინაგან ჯარებში, მე-13 და მე-5 მოტომსროლელ პოლკებში მსახურობდა. 1940 წელს იმავე შინსახკომის 1-ლ ოპერატიულ პოლკში იყო. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივნისიდანვე ჩაერთო.

1942 წლის აპრილიდან მეთაურობდა 117-ე მსროლელ დივიზიას, რომელიც კალინინის, ჩრდილო-დასავლეთის, 1-ლ ბალტიისპირა და 1-ლ ბელორუსულ ფრონტებზე იბრძოდა. არის 1943 წლის რჟევ-ვიაზემის ოპერაციის მონაწილე, ათავისუფლებდა ბელარუსიასა და პოლონეთს, თავი არ დაზოგა ბერლინის შტურმის დროსაც. 

1944 წლის 27 ივლისს დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი (1943 წლიდან) ე. გ. კობერიძე პირადად, დივიზიის მოწინავე რაზმთან ერთად, გავიდა მდ. ვისლას აღმოსავლეთ ნაპირზე ქალაქ კაზიმეჟ-დოლნისთან (პოლონეთი) და მოახდინა მდინარის ფორსირება. საბჭოთა მეომრები აღაფრთოვანა თავიანთი გენერლის სიმამაცემ და თავი არავინ დაზოგა ამ ბრძოლაში, მტრის უწყვეტი ცეცხლის მიუხედავად, მათ მოახერხეს მდინარის დასავლეთ ნაპირზე გადასვლა და პლაცდარმის დაკავება. დივიზია, რომელიც მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა, უკან გაჰყვა მოწინავე რაზმს და ორი დღის განმავლობაში მთლიანად გადაბარგდა განიერი მდინარის აღმოსავლეთიდან დასავლეთ ნაპირზე. ამასთან, კობერიძის დივიზიამ მტრის 2300 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა, ტყვედ კიდევ 125 მათგანი აიყვანა.

კობერიძის მარშრუტი ბერლინამდე პოლონეთზე გადიოდა. 1945 წლის 23 თებერვალს კობერიძემ აიძულა გერმანული ქ. პოზენის (პოლონურად - პოზნანი, დღეს პოლონეთს ეკუთვნის) მრავალრიცხოვანი გარნიზონი, კაპიტულაცია გამოეცხადებინა. 

გმირობა ქართველს დაუფასდა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 6 აპრილის ბრძანებულებით, კობერიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით. კობერიძე ასევე ფლობდა სუვოროვის მე-2 ხარისხის ორდენს, წითელი დროშის ხუთ ორდენს და ა. შ.

ომის შემდეგ, გენერალმა განაგრძო სამხედრო ხაზით განათლების მიღება, დაამთავრა უმაღლესი სამხედრო აკადემია (ვოროშილოვის სახელობის). ცხოვრობდა თბილისში, სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ ლექციებს კითხულობდა. გარდაიცვალა 1974 წლის 12 ივლისს, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება