კოზონოვი სარდიონ დავითის ძე

სიამაყის და, იმავდროულად, სირცხვილის გრძნობა ერთდროულად შეიძლება დაეუფლოს ქართველ ადამიანს სარდიონ კოზონოვის გახსენებისას: სიამაყის იმიტომ, რომ ეს ადამიანი საქართველოში (ქარელის რაიონის სოფ. უკანაანთუბანი) დაიბადა (1911 წლის 14 იანვარს), გაიზარდა და ცხოვრობდა; ხოლო სირცხვილი არის ის, რომ ეს გმირი ადამიანი, რომელმაც პირადად უმაღლესი მთავარსარდლის - სტალინის მადლობა დაიმსახურა, 1991 წელს ლტოლვილად იქცა და სიცოცხლე  ქ. ვლადიკავკაზში დაასრულა (1994 წლის 17 დეკემბერს).

მშვიდობიანი გლეხკაცი, კოლმეურნეობის ბრიგადირი სარდიონ კოზონოვი ომში ქარელის რაიონული სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს 1941 წლის ივნისში. იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსკოვის დაცვაში მონაწილეობდა, კერძოდ, ქ. მცენსკის მიდამოებში იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. კოზონოვმა ამ ბრძოლებში 50 ნაცისტი ჯარისკაცი და ოფიცერი მოსპო და სტალინის მადლობა მაშინ მიიღო. 

1943 წლის ოქტომბერში 1281-ე მსროლელი პოლკის (მე-60 მსროლელი დივიზია, 65-ე არმია, ცენტრალური ფრონტი - შემდგომში 1-ლი ბელარუსიული ფრონტი) 1-ლი მსროლელი ბატალიონის სერჟანტმა ს. დ. კოზონოვმა თავი გამოიჩინა ბელორუსიაში, გომელის მხარეში, მდ. დნეპრის ფორსირებისას, როდესაც საჭირო გახდა მარჯვენა ნაპირზე დაკავებული პლაცდარმის შენარჩუნება და გაფართოება. 17 ოქტომბერს სერჟანტმა, მიუხედავად მოწინააღმდეგის ძლიერი სატყვიამფრქვევო და სანაღმო ცეცხლისა, სახელდახელოდ შეკოწიწებული სატრანსპორტო საშუალებებით, წარმატებით გადაიყვანა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე თავისი დანაყოფი, შესაბამის შეიარაღებასთან ერთად. ნაპირზე გადასვლისთანავე კოზონოვი გერმანელებთან ბრძოლებში ჩაერთო. მან მოახერხა მოწინააღმდეგის გაყრა სანგრიდან და თავისი შენაერთით დაფარა საბჭოთა ბატალიონის მარჯვენა ფლანგი, რითაც შესაძლებლობა მისცა ბატალიონს, დაეკავებინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე და სოფელ ბივალკიზე განევითარებინა შეტევა. კოზონოვის მეტყვიამფრქვევეებმა, მეთაურის პირადი სიმამაცით ფრთაშესხმულებმა, მტრის ყველა კონტრიერიში უკუაგდეს და მას დიდი ზიანი მიაყენეს. 

თითქმის დაუყოვნებლივ, 1943 წლის 30 ოქტომბერს, დნეპრის წარმატებული ფორსირებისათვისა და პლაცდარმის დაკავებისათვის, რასაც თან ახლდა პირადი გმირობის გამოვლენა, სარდიონ დავითის ძე კოზონოს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენთან და „ოქროს ვარსკვლავთან“ ერთად, მიენიჭა. 

კოზონოვი შემდგომ მონაწილეობდა მდინარე დასავლეთ ბუგის და მდინარე ვისლის ფორსირებაში, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებაში. ჩეხოსლოვაკიიდან იგი შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლეს, გენერალ ისა პლიევის საცხენოსნო-მექანიზებულ ჯგუფში, ბაიკალსიქითა ფრონტზე იაპონელებთან საომრად. 

ვალმოხდილი სარდიონ კოზონოვი ომის შემდეგ, უკვე 1946 წელს, სამშობლოში, შიდა ქართლში დაბრუნდა. წლების მანძილზე მუშაობდა კოლმეურნეობის, შემდეგ სოფსაბჭოს თავმჯდომარედ.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება