მერკვილაძე დავით სერგის ძე

დაიბადა 1919 წლის 2 მაისს ზესტაფონის რ-ნის სოფ. ქვედა საქარაში. დავით მერკვილაძეზე ითქმის - დაბადებით მეომარი, სამხედრო კაცი.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ მალევე, ჯარში გაიწვიეს. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივლისიდან ჩაება. 1941-1943 წლებში იბრძოდა სამხრეთ დასავლეთის, სამხრეთის, ამიერკავკასიის, ისევ სამხრეთის, 1943-1944 წლებიდან - მე-4 უკრაინის, 1-ლი უკრაინის, შემდეგ ისევ მე-4 უკრაინის, მე-2 უკრაინის ფრონტებზე. იბრძოდა მეტად საპასუხისმგებლო - მზვერავის პოზიციაზე. 

დავით მერკვილაძემ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა მე-2 უკრაინის ფრონტის მე-7 საგვარდიო არმიის 151-ე მსროლელი დივიზიის 581-ე მსროლელი პოლკის დაზვერვის განყოფილების მეთაურის რანგში - დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ვინნიცისა და ივანო-ფრანკოვსკის მხარეებში. 1944 წლის მარტში მერკვილაძემ ბრძანება მიიღო, გაენადგურებინა მტრის სტაციონარული ტყვიამფრქვევი და საცეცხლე წერტილი, რომელიც წითელარმიელებმა დიდი წინააღმდეგობის გამო, ვერ გაიარეს. დავით მერკვილაძემ ზურგიდან დაარტყა წრე მტრის გამაგრებულ პოზიციას და ხელყუმბარები დააყარა ფაშისტებს. 3 მათგანი მოკლა, 1 კი ტყვედ აიყვანა. 

აპრილში უკვე მოწინააღმდეგის გააფთრებული შემოტევის მოგერიება მოუხდა, რომელშიც 60 გერმანული ტანკი მონაწილეობდა. დავით მერკვილაძემ 8 ჰიტლერელი ჯარისკაცი მოსპო. იმავე 1944 წლის 23 აპრილიდან 25 მაისამდე ქართველმა მზვერავმა თოფის ზუსტი სროლით 5 ჰიტლერელი გაისტუმრა იმქვეყნად (მიიღო დიდების მე-3 ხარისხის ორდენი). 1944 წლის 1-დან 2 ივლისის ღამეს,  სოფელ იგჟისკის უსახელო სიმაღლესთან, მერკვილაძემ სპეციალური დანიშნულების ჯგუფის დაზღვევა აიღო თავზე. იგი მტრის სანგრებთან მიცოცდა, საიდანაც ტყვიამფრქვევი ისროდა და ხელყუმბარის ტყორცნით, 3 ფაშისტი ააფეთქა. მე-4 გადარჩენილი ნაცისტი ჩვენს მამაც მზვერავს ეკვეთა. ხმაურზე კიდევ 20 ახლოს მყოფი ჰიტლერელი გამოიქცა ბრძოლის ადგილისკენ. ამასობაში მერკვილაძემ ბოლო ძალებით თავი გაითავისუფლა მტრის ჯარისკაცისგან და იგი ავტომატით დაცხრილა. მოცვენილი ჰიტლერელები მერკვილაძის ალყაში მოქცევას შეეცადნენ, თუმცა ამ დროს მასთან ერთი თანამებრძოლი წითელარმიელიც მოვიდა. მერკვილაძემ, თავის თანამებრძოლთან ერთად, მოახერხა მტრის 15 ჯარისკაცის დახოცვა, დანარჩენები კი გაიქცნენ. ამის გამო დავით მერკვილაძემ სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი მიიღო.

1944 წლის დეკემბრის ბოლოს 581-ე მსროლელი პოლკის სადაზვერვო განყოფილების მეთაურმა სერჟანტმა მერკვილაძემ თავი ბუდაპეშტის ოპერაციის ფარგლებში ისახელა, კერძოდ, სოფელ ჩომერთან, ბუდაპეშტიდან 10 კმ-ის დაშორებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლისთვის წარმოებული ბრძოლისას. სიმაღლე ფაშისტებს თავდაცვის ძირითად კვანძად ჰქონდათ გადაქცეული და პრობლემას უქმნიდა საბჭოთა ჯარების წინსვლას. შემოვლითი მანევრების მცდელობები წარუმატებლად დამთავრდა. ამ ფონზე, დ. ს. მერკვილაძემ საკუთარი ინიციატივით, 8-კაციანი ჯგუფით გადაწყვიტა სიმაღლის დაკავება. ნისლის ქვეშ, ჯგუფი ე. წ. პლასტუნთა მეთოდით მიხოხდა სიმაღლესთან, თიტქმის 20-30 მეტრის მანძილზე. მერკვილაძემ სასიგნალო რაკეტა გაისროლა საბჭოთა არტილერიის გასაგონად, არტილერიასთან ერთად, დივერსიულმა ჯგუფმაც გაუხსნა ცეცხლი ფაშისტებს. ასე შეცვივდნენ ისინი უნგრელებისა და გერმანელების სიმაგრეებში, რითაც მათ რიგებში პანიკა გამოიწვიეს და გააქციეს. ამ ბრძოლაში შეტევაზე გადასულმა ჯგუფმა 42 მტრის ჯარისკაცი დახოცა, მათგან პირადად მერკვილაძის ანგარიშზე 18 მათგანია! ჯგუფმა ასევე ნადავლად იგდო 3 მსხვილკალიბრიანი და 6 სტაციონარული ტყვიამფრქვევი, სხვა ტექნიკა და იარაღი. ჯგუფი მთელი 5 საათის მანძილზე იცავდა სიმაღლეს ძირითადი ქვედანაყოფების მოსვლამდე, უკუგდებულ იქნა მტრის ორი ასეულის ორი შეტევა.

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1945 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენთან და „ოქროს ვარსკვლავის“ მედალთან ერთად, მიენიჭა დავით მერკვილაძეს, რომელიც ომის შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა 1966 წლის 17 ივლისს (დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე). 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება