მურადოვი ბედირ ბეიმონდის ძე

დაიბადა 1909 წელს ადიგენის რაიონის სოფელ ზედვანში (ზედუბანი). მურადოვის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ წითელ არმიაში გაიწვიეს 1944 წელს, ქერჩში და იბრძოდა მე-2 უკრაინის ფრონტის 46-ე არმიის, რიგებში, კერძოდ, ირიცხებოდა ორგზის წითელი დროშის მატარებელი, სუვოროვის ორდენის მფლობელ 83-ე გამოყოფილი ნოვოროსიისკის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის შემადგენლობაში, მსროლელი დივიზიის საზღვაო ქვეითთა 305-ე ბატალიონში. ასევე მონაწილეობდა დუნაის ფლოტილიის რიგებში და ფაშისტებისგან ათავისუფლებდა რუმინეთსა და იუგოსლავიას.

გმირულად დაიღუპა იუგოსლავიაში, სოფელ ოპატოვეცთან (ამჟამინდელი ხორვატიის ტერიტორია, ვუკოვართან ახლოს). 1944 წლის 3 დეკემბერს, დესანტირების დროს, მურადოვი ერთ-ერთი პირველთაგანი გადავიდა მდინარის მეორე ნაპირზე, თავისი ტყვიამფრქვევის ცეცხლით მოახდინა მტრის საცეცხლე წერტილების ბლოკირება. მისი დამსახურებით, კონტროლი დამყარდა ილოკ-ოპატოვეცის გზაზე, მოიგერია ჰიტლერელთა ხუთი გააფთრებული კონტრიერიში. თავისი ტყვიამფრქვევით გაანადგურა მტრის შენაერთი.

4 დეკემბერს, სიცოცხლის რისკის ფასად, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებით ააფეთქა ტანკი და თვითმავალი ქვემეხი. 5 დეკემბერს, მტრის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევისას აიყოლია წითელარმიელი მებრძოლები, გადავიდა შეტევაზე და ხელყუმბარებით ფაშისტების შენიღბული გამაგრებული პუნქტი მოსპო, 20 ჰიტლერელთან ერთად. პირველი შეიჭრა დასახლების ცენტრში. ხელჩართულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მაინც მოახერხა მოწინააღმდეგის მეტყვიამფრქვევის დახრჩობა.

საბჭოთა ჯარისკაცებმა ბედიროვი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო - თურქულ-მესხური წარმოშობის მებრძოლს ძალზე ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. 

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენთან ერთად, მურადოვს 1945 წლის 20 აპრილს, სიკვდილის შემდეგ, მიანიჭა. 

სამწუხაროდ, არქივებს არ შემორჩა ამ გმირის ფოტოსურათი.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება