ვანციანი ვაჩაგან უნანის ძე

ვაჩაგან უნანის ძე ვანციანი დაიბადა 1913 წელს ახალქალაქის რაიონის ს. ზაქვში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. ორჯერ იყო დაჭრილი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით და მედლით „მამაცობისათვის“. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 8 აპრილს (სიკვდილის შემდეგ) - მდინარე მემელზე პლაცდარმის შენარჩუნებისათვის. დაიღუპა 1944 წლის 1 აგვისტოს.

სერჟანტი ვანციანი 1-ლი ბალტიისპირეთის ფრონტის ვიტებსკის 179-ე მსროლელ დივიზიაში იბრძოდა, კერძოდ, 259-ე მსროლელ პოლკში მეტყვიამფრქვევეთა ჯგუფს მეთაურობდა. თავისი უკვდავი გმირობა ვაჩაგანმა 1944 წლის 1-ლ აგვისტოს ჩაიდინა, მდინარე მემელის ნაპირზე, აღმოსავლეთ პრუსიაში. იმ დღეს საბჭოთა მეომარმა გერმანელების გააფთრებული კონტრშეტევები ტყვიამფრქვევით მოიგერია და მტრის 100-მდე ჯარისკაცი გაანადგურა.

ბოლო შეტევაზე გადმოსულ ნაცისტურ ბატალიონს წინ 9 მძიმე ტანკი მოუძღოდათ. ვაჩაგან ვანციანმა თავის თანამებრძოლებს მიმართა: „უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენ აქ სიკვდილამდე უნდა ვიდგეთ. ტანკები გავუშვათ და ტყვიამფრქვევით ქვეითებს გადავუაროთ!".

ასეც მოხდა. როდესაც ტანკებმა სანგრებზე გადაიარეს, აკაკანდა ვანციანის ტყვიამფრქვევი. მისი ცეცხლისგან გერმანელები ერთი-მეორის მიყოლებით იცელებოდნენ, მათი ბატალიონი პანიკამ მოიცვა. ამასობაში გერმანული ტანკები იძულებით უკან მობრუნდნენ და თან ცეცხლი გახსნეს. ვაჩაგანის ტყვიამფქვევი აფეთქდა, დაიღუპა ორი წითელარმიელი, თავად ვაჩაგანი კი მძიმედ დაიჭრა. მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ანტისატანკო ნაღმით ერთი ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად გმირული სიკვდილით დაიღუპა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება