ზუბალოვი თეოფილაქტე ანდრიას ძე

თეოფილაქტე ანდრიას ძე ზუბალოვი დაიბადა 1915 წელს წალკის რაიონის სოფელ გუნია-ყალაში, ეროვნებით ბერძენი. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ხუთჯერ იყო დაჭრილი და კონტუზიამიღებული, მაგრამ ყოველთვის მწყობრში დგებოდა და ფრონტზე ბრუნდებოდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის და სუვოროვის მეოსამე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთაკავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 20 დეკემბერს - დნეპრის გადალახვისათვის და წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1968 წელს, დაკრძალულია ქ. ესენტუკიში.

წითელ არმიაში 1936-39 წლებში მსახურობდა. სწავლობდა სოფელში, შემდეგ - თბილისის საფინანსო ტექნიკუმში. დიდმა სამამულო ომმა სტავროპოლის მხარეში მოუსწრო, სადაც მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად.

ომში მისი დაწყებისთანავე, 1941 წლის ივნისში გაიწვიეს. როგორც ჩანს, ზუბალოვს სამხედრო ნიჭი დამადლა ღმერთმა, მან თავი ჯერ კიდევ სტალინგრადისთვის  წარმოებულ ბრძოლებში გამოიჩინა - ვორონეჟის ოლქის სოფელ ნოვაია კალიტვასთან, მტრის აღმატებული ძალების მიუხედავად, ბატალიონმა, რომელსაც წალკელი ხელმძღვანელობდა, სტრატეგიული სიმაღლე „ფიგურნაია“ დაიკავა. ომი მაიორის წოდებით, საგვარდიო პოლკის მეთაურის რანგში დაასრულა.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდების დამსახურების მომენტისთვის თ. ზუბალოვი 62-ე გვარდიის მსროლელი დივიზიის 184-ე გვარდიის მსროლელი პოლკის მე-3 ბატალიონის ხელმძღვანელი იყო. ზუბალოვის დამსახურებაა მცირე ძალებით დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მიჟურინ როგისა და 177,6 და 177,3 სიმაღლეების დაკავება (მათ შორის, ხელჩართული ბრძოლების შედეგად), რითაც თავის ბატალიონს დნეპრის მარჯვენა სანაპიროსკენ გზა გაუხსნა. მაგრამ ეს ყველაფერი როდი იყო. ზუბალოვის რაზმმა გერმანელთა 15 გააფთრებული კონტრშეტევა მოიგერია - ნაცისტები ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ, საბჭოთა ჯარების მიერ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადმოსვლის და პოზიციების გამაგრების ჩაშლას. ზუბალოვის დაჭრილი თანამებრძოლებიც კი არ ყრიდნენ იარაღს და ბოლომდე იბრძოლეს. ამ გმირულმა საქციელმა საშუალება მისცა საბჭოთა დივიზიას, დანაკარგების გარეშე გადმოელახა დნეპრი.

ომის დროს შექმნილ სამხედრო ფოლკლორში ასე უმღეროდნენ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ ზუბალოვს:

Зубалов! В бушующем пламени
Всегда ты идешь впереди,
Два ордена Красного Знамени
Недаром горят на груди!


© Didisamamulo.ge
დაბრუნება