დანელია ამირან იოსების ძე

ამირან იოსების ძე დანელია დაიბადა 1923 წელს ქ. ფოთში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. ორჯერ დაიჭრა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 10 აპრილს- სატანკო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1979 წელს.

1945 წლის იანვარში ამირან დანელია მსახურობდა ტანკის მსროლელ-მეტყვიამფრქვევედ 53-ე ბოგდან ხმელნიცკის სახელობის სატანკო ბატალიონში. სოფელ შჩიტთან ბრძოლაში დანელიამ ტყვიამფრქვევის ცეცხლით გაანადგურა 23 გერმანელი ფაშისტი, მის სიმამაცეზე კი ხმა გავარდა პირველი უკრაინული ფრონტის მასშტაბით.

20 იანვარს დანელია უკვე ტანკ „ტ-34“-ში იჯდა პოლონურ ქალაქ ვერშუვთან, სადაც მას გზა მტრის მძლავრმა საარტილერიო და სატანკო ცეცხლმა გადაუღობა. უკან დასახევი გზა არ იყო,ამიტომ, ტანკის რუსმა მეთაურმა, ეკიპაჟთან სასწრაფო თათბირის შემდეგ, გადაწყვიტა ტარანისებური წინსვლა. საბჭოთა ტანკი მაქსიმალური სიჩქარით გაიჭრა წინ და თან ყველა შესაძლებლობას იყენებდა, მოწინააღმდეგე ცეცხლით შეეწუხებინა. წინ მდინარე პროსნა მოედინებოდა, რომელიც დანელიას ტანკმა უმალ გადალახა და გერმანიის ტერიტორიაზე, ქ. ვილჰელმსბრიუკეს გარეუბანში შეაღწია. 

ეს ერთი ტანკი გმირულად ებრძოდა მტრის აღმატებულ ძალებს - ტანკებსა და არტილერიას. გერანული ქვემეხის ერთმა ჭურვმა „ტ-34“ შეაზანზარა. დანელიამ აღმოაჩინა, რომ ტანკის მეთაური და არტილერისტი დაიღუპნენ, ამიტომ მან თავის თავზე აიღო ტანკის მართვა და ცოცხლად დარჩენილ ტანკის მძღოლთან ერთად, ბრძოლით განაგრძო სვლა. მან იმდენი მოახერხა, რომ მოსპო გერმანელთა მძიმე ტანკი „ვეფხვი“, ასევე „პანტერას“ ტიპის ორი თვითმავალი ქვემეხი, კიდევ დაახლოებით 50 ჰიტლერელი ჯარისკაცი.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. დანელიას ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ეკიპაჟის წევრი, მძღოლი, მტრის მეორე ჭურვმა იმსხვერპლა. მარტოდ დარჩენილმა ქართველმა გმირმა მძღოლის ადგილი დაიკავა. ამირანს ფიზიკურად არ შეეძლო ორი საქმის კეთება - ტანკის მართვა და თან სროლა. ამიტომ მან მოძრაობა არჩია, ტანკი სროლების გარეშე გაემართა წინ. იარაღად კი დანელიამ თავად ტანკის მასა გამოიყენა, კერძოდ, თავისი ცეცხლმოკიდებული ტანკით მან მოწინააღმდეგის არტილერიას გადაუარა. გერმანელები კურდღლებივით გაიქცნენ. მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნა ამირან დანელიამ იმაზე, რომ ტანკზე ცეცხლი ჩაექრო, მიწითა და თავისი კომბინიზონით, როდესაც ტანკი მყუდრო ადგილზე გადაიყვანა.  



© Didisamamulo.ge
დაბრუნება