დიასამიძე მიხეილ სტეფანეს ძე

მიხეილ სტეფანეს ძე დიასამიძე დაიბადა 1913 წელს ვანის რაიონის სოფელ გაღმა ვანში. იყო სკკპ წევრი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942 წ. ივნისს-დეკემბერში. მონაწილეობდა აგრეთვე იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ ომში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის მეორე ხდარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 22 დეკემბერს, სტალინგრადთან ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის. გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ კურსკში, 1992 წლის ივნისში.

წითელი არმიის რიგებში დიასამიძე ნებაყოფლობით, 1929 წლიდან მსახურობდა. 1933 წელს დაამთავრა ბაქოს სამხედრო ქვეითთა სასწავლებელი, 1940 წელს კი კურსები - "გასროლა". სტალინგრადისთვის წარმოებული ბრძოლების დროს იყო სტალინგრადის ფრონტის მე-2 გვარდიული არმიის 87-ე მსროლელი დივიზიის 1378-ე მსროლელი პოლკის შემადგენლობაში, პოდპოლკოვნიკის რანგში.

1942 წლის 12 დეკემბერს კოტელნიკოვოს რაიონში კონცენტრირებული ძლიერი დამრტყმელი ძალა "დონი" ფელდმარშალ მანშტაინის მეთაურობით, 400 ტანკით შეტევაზე გადავიდა სტალინგრადთან ალყაში მოქცეული მე-6 გერმანული საველე არმიის დებლოკირების მიზნით. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები გაიმართა ვოლგოგრადის მხარის სოფელი ვერხნეკუმსკის მიდამოებში. აქ მტერმა, ლენინგრადის შემდეგ, პირველად გამოიყენა მძიმე ტანკების, Т-VI-ის ბატალიონი, ეს ტანკები "ვეფხვი"-ს (Tiger)  სახელწოდებით არის ცნობილი. დიასამიძის პოლკი ასეთ ძლიერ მოწინააღდეგეს აღუდგა და ბოლო ტყვიამდე, ბოლო ჭურვამდე იბრძოლა. საბჭოთა ჯარისკაცებმა გაუხძლეს უმძიმეს ექვსდღიან ბრძოლებს და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ. მათ ნაცისტების ქვეითთა და ტანკების დიდი ძალების 30 შეტევა უკუაგდეს. პოლკის მეთაურმა შესანიშნავად მოახდინა თავდაცვის ორგანიზება, თავისი პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა წითელარმიელებს და მათ გადამჭრელი ქმედებებისათვის შთააგონებდა. დიასამიძეს თავი არ დაუზოგავს და სიკვდილი არ ახსოვდა. პოდპოლკოვნიკი დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი ამოცანის შესრულებამდე არ დატოვა.

1945 წელს დიასამიძე შორეულ აღმოსავლეთის ფრონტზე, ამავე წლის აგვისტოში, იაპონიის მანჯურიის არმიის განადგურებაში ღებულობდა მონაწილეობას, იყო 87-ე მსროლელი კორპუსის 342-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე. ომის დასრულების შემდეგ განაგრძო სამხედრო კარიერა ვიდრე 1962 წლამდე, როდესაც თადარიგში გავიდა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება