დემეტრაშვილი ივანე გაბრიელის ძე

ივანე გაბრიელის ძე დემეტრაშვილი დაიბადა 1910 წელს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში, იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 31 მაისს (სიკვდილის შემდეგ) - ბერლინის შტურმის დროს გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. დაიღუპა ბრძოლაში 1945 წლის 16 აპრილს.

1945 წლის აპრილში გერმანელები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა ბერლინის დაცვისათვის გრძელდებოდა. რაიხის დედაქალაქთან თავდაცვის 3 ხაზი შეიქმნა. ნაცისტებმა ბერლინი 8 თავდაცვით სექტორად გაყვეს, რომელსაც მე-9 სექტორი ემატებოდა სამთავრობო სახლებით, რაიხსტაგითა და რაიხსკანცელარიით. გერმანიის დედაქალაქის შტურმისათვის საბჭოთა მხრიდან 1-ლი უკრაინული, 1-ლი და მე-2 ბელორუსული ფრონტები ემზადებოდნენ.

16 აპრილს 22.000-მა ქვემეხმა გახსნა ცეცხლი, რაც ბერლინის შტურმის - დიდი სამამულო ომის ბოლო დიდი ოპერაციის დაწყებას მოასწავებდა. შეტევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე სუვოროვის ორდენის მფლობელი 301-ე მსროლელი დივიზია იბრძოდა, რომლის 1054-ე მსროლელი პოლკის როტას (შენაერთს) კაპიტანი ივანე დემეტრაშვილი ხელმძღვანელობდა.

დემეტრაშვილის შენაერთმა ბრძანების მიღებისთანავე შეუტია მტერს და სანგრების ორი ხაზი დაიკავა ხელჩართული ბრძოლების შედეგად. გერმანელებმა დამატებით ძალებს მოუყარეს თავი, რიცხოვნობით უფრო წითელარმიელებზე უფრო დიდი ჯგუფი შექმნეს და კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ. მათ ქვეითებს თვითმავალი არტილერია და ტანკებიც ეხმარებოდნენ. დემეტრაშვილის შენაერთმა მტრის ასეთი სამი კონტრშეტევა მოიგერია და მერე თავად გადავიდა შეტევაზე. დემეტრაშვილის ჯარისკაცებმა 100-მდე გერმანელი ნაცისტი მოკლეს, 17 ტყვედ აიყვანეს. კაპიტანი დემეტრაშვილის დამსახურებაა სადგურ ვერბიჩიზე მყისიერი იერიშის მიტანა და ამ მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტის დაკავება. აქედან საბჭოთა არმიები უფრო სწრაფად განავითარებდნენ ბერლინზე შეტევას. სწორედ ამ დროს მტრის ჭურვმა იმსხვერპლა ქართველი კაპიტნის სიცოცხლე.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება