დარბიანიანი ლეონ ოჰანესის ძე

ლეონ ოჰანესის ძე დარბინიანი დაიბადა 1905 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში. იყო სკკპ წევრი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1943 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს (სიკვდილის შემდეგ). 1943 წლის 25 დეკემბერს დაიჭრა ბრძოლაში და გარდაიცვალა.

წითელი არმიის რიგებში დარბინიანი ომის დაწყებამდე ბევრად ადრე, 1924 წელს ჩაირიცხა და იგი მსახურობდა ახალი სახეობის ჯარებში - მექანიზირებულში. გახდა პოლკოვნიკი, თავი ნიჭიერ სამხედროდ გამოავლინა. დიდი სამამულო ომის დროს იგი სათავეში ედგა 69-ე მექანიზებულ ბრიგადას, რომელიც უკრაინის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ფასტოვთან, ბრუსილოვთან, კიევთან თუ სხვა საკვანძო ქალაქებთან ბრძოლებში დარბინიანი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს დასახულ ამოცანებს.

მძიმე ბრძოლები გაჩაღდა რაიონულ ცენტრ კოროსტიშევთან, რომელსაც მდინარე ტეტერევი ჩამოუდის. მდინარე ერთმანეთისაგან ჰყოფდა განმათავისუფლებელ წითელ არმიასა და ნაცისტ დამპყრობლებს. პირდაპირი შეტევა ტეტერევზე საბჭოთა მეომრებს კარგს არაფერს უქადდა, მხოლოდ დიდი მსხვერპლი იქნებოდა, ამიტომ პოლკოვნიკმა დარბინიანმა მოწინააღმდეგის ფლანგიდან შემოვლა გადაწყვიტა. ბრიგადის ძალების ნაწილით მან კოროსტიშევის ჩრდილოეთით, გარკვეული დაშორებით მოახდინა მდინარის ფორსირება და კოზიევკა აიღო, საიდანაც კოროსტიშევს გერმანელთათვის მოულოდნელად შემოუტია. ისინი იძულებულნი გახდნენ, მდ. ტეტერევის ნაპირიდან ძალების ნაწილი მოეხსნათ და დარბინიანის მიმართულებით გადაესროლათ ჩრდილოეთისკენ. ამით ისარგებლეს საბჭოთა ჯარების ძირითადმა ნაწილებმა და ტეტერევი გადმოლახეს.

ბრძოლაში ლეონ დარბინიანი დაიჭრა, მაგრამ სანამ გამარჯვება ბოლომდე ცხადი არ გახდა, მან არ მიატოვა ბრძოლის ველი და ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ჭრილობა მძიმე აღმოჩნდა, ექიმებმა გმირ მებრძოლს ვეღარ უშველეს.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება