კანკავა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე

„პოლიტრუკის“ - ვლადიმერ კანკავას სახელი ლეგენდად იქცა, მას მიეძღვნა არაერთი ლექსი და სიმღერა.

დაიბადა 1916 წლის 8 იანვარს გეგეჭკორის (მარტვილის) რ-ნის სოფ. სერგიეთში. წითელ არმიაში პოლიტიკურ მუშაკად 1941 წლის ივნისიდან ირიცხებოდა. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტიკური მუშაკი, 673-ე გამოყოფილი გამნაღმავი ბატალიონის კომისარი და იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე.  

1942 წლის 9 სექტემბერს სპეციალურმა რაზმმა, კანკავას მონაწილეობით, გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და ფაშისტებისაგან გაათავისუფლა სოფ. პოკროვსკოე ყაბარდო-ბალყარეთში. მტერმა სოფლის დათმობა არ ისურვა და დაახლოებით კანკავას რაზმს დიდი ძალები დაუპირისპირა, ათასამდე ჯარისკაცით და ოფიცრით, რომლებსაც წინ ტანკები მიუძღოდნენ. რაზმი ალყაში მოექცა. ვლადიმერ კანკავამ რკალისებრი თავდაცვის ორგანიზება მოახდინა და დიდ სიმამაცეს იჩენდა, რამაც საბჭოთა მებრძოლთა სამხედრო სულისკვეთება განამტკიცა. 

ჰიტლერელებმა წითელარმიელთა რაზმის თავდაცვა ერთ ადგილზე ტანკებით გაარღვიეს. ვითარება კრიტიკული გახდა. კანკავამ პირადად ითავა, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე, ტანკების შეჩერება. ქართველი გმირი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით გავიდა ბრძოლის ურთულეს მონაკვეთზე და 50 მეტრის სიშორიდან გერმანულ ტანკებს ცეცხლი გაუხსნა. ორი ტანკი მაშინვე ცეცხლის ალში გახვია, დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს. 

„სამშობლოსათვის! სტალინისათვის!“ - ამ შეძახილებით ვლ. კანკავამ თავისი რაზმი შეტევაზე გადაიყვანა, მტერი დაიბნა და ბევრი დახოცილი დატოვა ბრძოლის ველზე, მაგრამ ამ ეპიზოდს თავად კანკავა  შეეწირა, რომელიც გმირის სიკვდილით დაიღუპა. 

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვ. ა. კანკავას მისი სიკვდილის შემდეგ მალევე, 1942 წლის 13 დეკემბერს მიანიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით). დაკრძალულია ქ. მაისკის (ყაბარდო-ბალყარეთი) საძმო სასაფლაოზე.  გმირის დაღუპვის ადგილზე - სოფელ პრიმალკინსკოეს შესასვლელში, აღმართულია კანკავას ძეგლი. მისი ბიუსტი დაიდგა კანკავას მშობლიურ გეგეჭკორშიც. 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება