კვაჭანტირაძე ვასილი შალვას ძე

მას მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა, მუშაობდა კოლმეურნეობაში, მაგრამ რამხელა სარგებელი მოუტანა სამშობლოს! - 1907 წლის იანვარში დაბადებული ოზურგეთელი ვასილი კვაჭანტირაძე დიდი სამამულო ომის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შედეგიან სნაიპერად არის აღიარებული. 

წითელ არმიაში კვაჭანტირაძე 1932-1933 წლებში მსახურობდა, ხოლო ომის დაწყებიდან მალევე, 1941 წლის აგვისტოში, იგი ხელმეორედ გაიწვიეს ქალაქ მახარაძის რაიონული სამხედრო კომისარიატიდან. მთელი ომის განმავლობაში ებრძოდა მძვინვარე მტერს და ხუთჯერ დაიჭრა, თუმცა ყოველთვის ახერხებდა მწყობრში ჩადგომას. თავისი სნაიპერული ნიჭი სტალინგრადის ბრძოლის ადრეულ ეტაპზე დაამტკიცა, როდესაც 60 ჰიტლერელი გაანადგურა. პირველად სწორედ ამ ბრძოლებში, 1942 წლის აგვისტოში დაიჭრა. 1942 წლის ოქტომბერში კი ფრონტზე დაბრუნდა, კერძოდ, კალინინის (მომავალი 1-ლი ბალტიისპირეთის) ფრონტზე, 179-ე მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში, სადაც სნაიპერული ცეცხლით მოკლული გერმანელების რიცხვი 81-მდე გაზარდა. დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენითა და „სამხედრო დამსახურებებისთვის“ მედლით. 1942 წლის დეკემბრიდან 1943 წლის აპრილამდე სმოლენსკის ოლქის პრეჩისტენისა და სლობოდის რაიონების თავდაცვით ოპერაციებში, იმავე დივიზიის 259-ე მსროლელი პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა, ყოეველდღე გადიოდა საბრძოლო დავალებებზე და თავის აქტივში უკვე 113 მტრის დახოცილი ჯარისკაცი და ოფიცერი ჰყავდა ჩაწერილი. ამის გამო მიიღო წითელი დროშის ორდენი.

1944 წლის ივნისში უფროსმა სერჟანტმა კვაჭანტირაძემ სნაიპერული რეკორდი 221-მდე გაზარდა. იგი 43-ე არმიის საუკეთესო სნაიპერი გახდა. არმიის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარადგინა, თუმცა კალინინის ფრონტის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ლენინის ორდენი აკმარა. მაგრამ ამას ვასილი კვაჭანტირაძის ეფექტურობაზე ცუდად ოდნავადაც არ უმოქმედია, პირიეით, 1944 წლის 23-27 ივნისს, ბელორუსიულ შუმილინოში მან ზუსტი სროლებით 44 ჰიტლერელი ჯალათი გამოასალმა სიცოცხლეს. იმავე წლის ბოლომდე კვაჭანტირაძის რეკორდი 215 დახოცილ ფაშისტამდე ავიდა. საერთო ჯამმა ომის დასაწყისიდან 1944 წლის დეკემბრამდე 436 შეადგინა!

მაგრამ ვასილი კვაჭანტირაძე ამას როგორ დასჯერდებოდა - ომის დამთავრებამდე იგი საბჭოთა სნაიპერების აბსოლუტურ ელიტაში შევიდა 534 დახოცილი ფაშისტ-ნაცისტით! ბუნებრივია, ასეთი შედეგი დიდი პიროვნული ვაჟკაცობის და თავდადების გარეშე არ მიიღწევა და სწორედ ამ საფუძველზე, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, აღადგინა სამართლიანობა და ვასილ კვაჭანტირაძეს ამჯერად მიანიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1945 წლის 24 მარტს). 

ომის შემდეგ სამშობლოში, გურიაში დაბრუნდა. არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1947 წლიდან მუშაობდა სოფელ გურიანთას კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა - 1950 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია სოფ. გურიანთაში. 

აღსანიშნავია, რომ ვ. კვაჭანტირაძემ თავისი წვლილი შეიტანა ბელორუსიის, ლატვია-ლიტვის, პოლონეთისა და გერმანიის გათავისუფლებაში. იგი კიდევ ერთ გამოჩენილ სნაიპერთან, კუზმა სმოლენსკისთან ერთად, წყვილში, აწარმოებდა ე. წ. სნაიპერულ ნადირობას მტერზე. სმოლენსკის რეკორდი 414 დახოცილი ფაშისტი იყო.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება