კეთილაძე სერგი პოლიკარპეს ძე

1910 წლის 17 მაისს ზესტაფონში დაბადებული სერგი კეთილაძე 17 წლის ასაკში მოხალისედ შევიდა წითელი არმიის რიგებში. ამიერკავკასიის სამხედრო ქვეითთა სკოლის დასრულების შემდეგ, გახდა კადრის ოფიცერი. მსახურობდა ზაბაიკალსკი სამხედრო ოლქში და 1938 წელს მონაწილეობა მიიღო იაპონიის აგრესიის მცდელობის აღკვეთაში, შორეულ აღმოსავლეთში, ხასანის ტბის მიდამოებში. 

ამის შემეგ, კეთილაძემ ჩააბარა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, საიდანაც დროზე ადრე მოუხდა წამოსვლა - დიდი სამამულო ომის დაწყების გამო, ქართველი ოფიცერი მაიორის რანგში, ლენინგრადის ფრონტზე, 54-ე არმიაში, გაამწესეს.

1942 წლის 30 იანვარს ლენინგრაის ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელის უფროსი თანაშემწე ს. პ. კეთილაძე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების სამაგალითო შესრულებისა და, ამასთან, სიმამაცისა და თავდადების გამოვლენისათვის, წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. მაგრამ განსაკუთრებული სიმამაცე 1942 წლის მარტში, ლიუბანის შეტევითი ოპერაციის დროს გამოავლინა. 18 მარტს, როდესაც კეთილაძე 4-ე გვარდიის მსროლელი კორპუსის 32-ე განსაკუთრებული მსროლელი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა, მან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა და თავისი ბრიგადით მოწინააღმდეგე მოულოდნელად შეავიწროვა. მალინოვკის, დიდვინოსა და მილაევკას შემდეგ, კეთილაძემ კოროდინიც დაიკავა. ამასთან, გერმანელმა ფაშისტებმა ვერ მოასწრეს საწყობების განადგურება და კეთილაძეს მათი დიდძალი იარაღი ჩაუვარდა ხელთ. ამასთან, საბჭოთა შენაერთების დანაკარგები მინიმალური იყო. 

ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მტრის გააფთრებული კონტრშეტევები სამი დღის განმავლობაში - 30 მარტს, 31 მარტსა და 1-ლ აპრილს, გრძელდებოდა. გერმანელებმა ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს ამ შეტევებისას, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ არტილერიით დაამუშავეს წითელარმიელების პოზიციები და თან ტანკები და ავიაცია დაიხმარეს. კეთილაძე ფეხში დაიჭრა, მაგრამ პოზიციები არ მიატოვა და ბრიგადას ბოლომდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე 1-ლ აპრილს, მტრის მიერ ნატყორცნი ნაღმის ნამსხვრევებისგან არ დაიღუპა.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (ლენინის ორდენთან ერთად) სერგი კეთილაძეს უკვე მომდევნო, 1943 წლის 10 თებერვალს მიენიჭა. დაკრძალულია ლენინგრადის მხარის (ობლასტის) ქ. ვოლხოვის საძმო სასაფლაოზე, დიდების სკვერში. გმირის სახელი ზესტაფონის #1 სკოლას მიენიჭა, სადაც იგი სწავლობდა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება