კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე

ფოთში, მუშის ოჯახში  1913 წლის 17 აგვისტოს დაბადებულმა გერმანე კილასონიამ ისე ისახელა თავი დიდ სამამულო ომში, რომ ღირსი გახდა, 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე შემდგარი გამარჯვების აღლუმის მონაწილე გამხდარიყო.

წითელი არმიის რიგებში 1935 წელს შევიდა და მისი თხოვნის საფუძველზე, ოდესის სამხედრო-საავიაციო სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად, რომელიც 1937 წელს დაასრულა. იმავე წელს კილასონია კომპარტიაშიც მიიღეს.

დიდი სამამულო ომის ფრონტებზე 1941 წლის ნოემბრიდან იბრძოდა, ომი აღმოსავლეთ პრუსიაში დაასრულა 1945 წელს (მე-3 ბელარუსიის ფრონტი, 1-ლი საჰაერო არმია, 182-ე მოიერიშე საავიაციო დივიზიის 64-ე მოიერიშე საავიაციო პოლკის შტურმანი, მაიორი). პირველივე შესრულებული სამხედრო რეისებიდან გამოჩნდა, რომ ქართველ პილოტს ჩვეულებრივზე უფრო დიდი საორგანიზაციო ნიჭი და ნებისყოფა ჰქონდა. ფოთელი მალე რგოლების და ავიამოიერიშეების ჯგუფების ლიდერი გახდა. მოსკოვისთვის წარმოებულ ბრძოლებში, გარდა იმისა, რომ ასრულებდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაზე იერიშების მიტანას, არაერთხელ შეასრულა ჰიტლერული ჯარების დაზვერვაც. ერთ-ერთი ასეთი სადაზვერვო გაფრენის დროს, აღმოაჩინა მტრის კოლონა, რომელიც მოსკოვს ვოლოკოლამსკის ტრასით უახლოვდებოდა. კილასონიამ ეს კოლონა გაანადგურა. ამისათვის მას სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი მისცეს. 

1944 წლის ოქტომბრიდან, როდესაც გერმანე კილასონია 64-ე მოიერიშე საავიაციო პოლკის შტურმანად დანიშნეს, არაერთხელ გაუძღვა წინ საბჭოთა მოიერიშეებს, აღმოსავლეთი პრუსიის ზეცაში. 1945 წლის აპრილში დაჯილდოვდა ალექსანდრ ნეველის ორდენით. ომის დასასრულს, მტრის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების საიერიშოდ კილასონიას შესრულებული ჰქონდა 159 სამხედრო გაფრენა. გაანადგურა ფაშისტების ჯარებითა და ტექნიკით დატვირთული 4 ბარჟა, 6 ტანკი, 30 ქვემეხი, 73 ავტომანქანა, 5 ვაგონი, ასეულობით ჯარისკაცი, იარაღების საწყობი. 
საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, ლენინის ორდენთან ერთად, 1945 წლის 29 ივნისს მიანიჭა. კილასონიას ასევე ჰქონდა წითელი დროშის ორი ორდენი. 

ომის დასრულების შემდეგ გაგრის რაიონში, სოფ. განთიადში ცხოვრობდა, მუშაობდა ლესელიძის სახელობის დასასვენებელი სახლის დირექტორად. გარდაიცვალა 1969 წლის 8 ოქტომბერს. განთიადში, სადაც დაკრძალეს და საფლავზე ძეგლი დაუდგეს, ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ჰქონდა მინიჭებული.  



© Didisamamulo.ge
დაბრუნება