ლიტვინჩუკი ბორის მიხეილის ძე

პატარა აზერბაიჯანულ სოფელ აჯიქაბულში 1917 წლის 1-ლ ივნისს დაბადებული ბორის ლიტვინჩუკი მშობლებმა იმავე წელს თბილისში გადმოიყვანეს. ბორისი თბილისში გაიზარდა, დაამთავრა სასკოლო შვიდწლედი და შემდეგ თბილისის მანქანათშემკეთებელ ქარხანაში მჩარხავად მუშაობდა. კიდევ  უფრო მოგვიანებით ბათუმის აეროკლუბი დაამთავრა, რაც მისი სამხედრო მფრინავის კარიერის საფუძველი გახდა.

ჯარში გაწვევის შემდეგ, 1938 წელს, დაასრულა მფრინავთა კურსი ეისკის მფრინავთა სამხედრო-საზღვაო საავიაციო სკოლაში. ფრონტზე ომის დასაწყისში, 1941 წლის ივნისში გაიწვიეს.

1944 წლის აპრილისათვის კაპიტანი ბორის ლიტვინჩუკი შავი ზღვის ფლოტის 1-ლი მნაღმავი ავიადივიზიის მე-11 გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო პოლკის ესკადრილიას ხელმძღვანელობდა. ამ მომენტისათვის მას უკვე 450 საბრძოლო გაფრენა ჰქონდა განხორციელებული, 44 საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და პირადად მტრის 15 თვითმფრინავი ჩამოაგდო, კიდევ 9 - კოლეგა-მფრინავებთან ერთად. 

გარდა ამისა, ომის დასრულებამდე, ლიტვინჩუკმა, საერთო ჯამში, 29-ჯერ შეუტია მოწინააღმდეგის ქვეითთა ძალებს, 20-ჯერ იმყოფებოდა საჰაერო დაზვერვაში. 

რაც შეეხება ლიტვინჩუკის ესკადრილიას, საბჭოთა პილოტებმა 109 ნაცისტური თვითმფრინავი გაანადგურეს.

ლიტვინჩუკი აქტიურად იბრძოდა მთელი შავი ზღვის რეგიონში - ათავისუფლებდა კავკასიას, უკრაინას, შემდეგ - რუმინეთსა და ბულგარეთს. განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და შედეგიანობა ყირიმის გათავისუფლებისას გამოავლინა, როდესაც პერეკოპისთვის წარმოებულ ბრძოლებში, ორი დღის მანძილზე 65 საბრძოლო გაფრენა მოახდინა და 6 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

დაუმარცხებელ ბორის ლიტვინჩუკს გვარდიის მაიორი დენისოვი წითელი დროშის რიგით მეოთხე ორდენზე წარადგენდა, მაგრამ უფროსობამ - შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო-საჰაერო ძალების სარდალმა, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტმა ერმაჩენკოვმა ეს წარდგინება უმაღლეს ხარისხში აიყვანა და გამოვლენილი მამაცობისთვის, წარმატებულობისა და ტაქტიკური დახვეწილობისთვის საქართველოში გაზრდილი მფრინავი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარადგინა, რაც სსრკ უმაღლესმა საბჭომ 1944 წლის 16 მაისს დაამტკიცა კიდეც.

ლიტვინჩუკს ასევე ჰქონდა დიდი სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორი ორდენი და სხვა ორდენები. გარდაიცვალა 1998 წელს, 1-ლ ნოემბერს, ქ. კალუგაში (რუსეთი).



© Didisamamulo.ge
დაბრუნება