ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე

საბჭოთა მეომრების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაზე, მათ იდეურ შთაგონებაზე, პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები პოლიტიკური მუშაკები, ე. წ. პოლიტრუკები. ვლადიმერ ლურსმანაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტმუშაკი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ წითელ არმიაში. იგი არა იმდენად სიტყვით, არამედ პირადი მამაცობითა და გმირობით აძლევდა მაგალითს ჯარისკაცებს.

დაიბადა 1909 წლის 13 დეკემბერს ხარაგაულის რ-ნის სოფ. ჩხერში. 1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, თუმცა უკვე მანამდე კომკავშირის წევრი იყო (სკკპ-ში გაწევრიანდა 1940 წელს). 1935 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1941 წლის მობილიზაციის შემდეგ, ფრონტზე მოგვიანებით, 1942 წლის აგვისტოში გაგზავნეს.

ლურსმანაშვილი კავკასიის თავდაცვაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას, 392-ე მსროლელი ქართული დივიზიის შემადგენლობაში, სადაც 802-ე მსროლელი პოლკის 1-ლი მსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახდა. თავი გამოიჩინა იმავე წლის ოქტომბერში, ქ. ნალჩიკთან, როდესაც თავისი ასეულით, პირველი  შეიჭრა სოფ. ნიჟნი ჩეგემში და პირადად გაანადგურა მტრის 24 ჯარისკაცი და ოფიცერი.  30 ოქტომბერს კიდევ 26 ფაშისტის დახოცვა მოახერხა. 
ლურსმანაშვილის საბჭოთა კავშირის გმირად დაჯილდოების სიგელში ნახსენებია წარმოუდგენელი ამბავი - ლურსმანაშვილმა, 27 მებრძოლთან ერთად, ხელჩართული ბრძოლისას მოწინააღმდეგის 168 ჯარისკაცი გაანადგურა (დოკუმენტის ფოტო იხ. ქვევით).   

დაჯილდოებულ იქნა ასევე ლენინისა და სამამულო ომის ორდენებით, მედლებით. გახდა პოლკოვნიკი. გარდაიცვალა 1987 წლის 17 ივნისს, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება