რუსეთში საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას ერთმანეთთან ვეღარავინ გაათანაბრებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მიიღო კანონი, რომლის ძალითაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ, ერთის მხრივ და, ნაცისტური გერმანიის („მესამე რაიხის“) მიერ, მეორეს მხრივ, მეორე მსოფლიო ომში შესრულებული როლის ერთმანეთთან გათანაბრება იკრძალება. კანონი პრეზიდენტ ვლ. პუტინის დავალებით მომზადდა, როდესაც საკითხი კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოზე იქნა განხილული. 
 
შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი კანონში „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“.
 
დოკუმენტის თანმხლებ, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ როგორც უცხოური, ისე რუსული მასმედია, ბოლო დროს რეგულარულად აქვეყნებს და ეთერში გადასცემს დაუმტკიცებელ, განზოგადებულ განცხადებებს, რომელთა მიხედვით, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისა თუ არმიის მოქმედებები გათანაბრებულია ნაციზმისა და და ვერმახტის ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. შესწორების ავტორები აღნიშნავენ, რომ ნაცისტების დანაშაულებები დამტკიცებულია საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ (ნიურნბერგის პროცესი) და მათი შედარება აგრესიის მსხვერპლის - საბჭოთა კავშირის განმათავისუფლებელ ქმედებებთან, მიუღებელია. 
 
მიუხედავად ამისა, არასგზით არ იზღუდება სამეცნიერო კვლევები და აზრის თავისუფლება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - აღნიშნულია დოკუმენტში.

 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება