პავლე მცურავიშვილი - მოლდავეთის მიწაზე დაღუპული გორელი მებრძოლი

ამჯერად გორიდან მივიღეთ წერილი და სატელეფონო ზარი - პატივცემული ადამიანი, ბატონი ანზორ მცურავიშვილი გვატყობინებს თავისი სახელოვანი მამის, პავლე მცურავიშვილის შესახებ. ეს ისტორია ღირს წაკითხვად და ემოციად. 


ბატონო გულბაათ ! 

მივესალმები თქვენს კეთილშობილურ წამოწყებას „დიდი სამამულო“, პირველი ქართულენოვანი ენციკლოპედიის შექმნას, დიდ სამამულო ომში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. 

მინდა მეც გამოვეხმაურო ამ კეთილ წამოწყებას და გაცნობოთ მამაჩემის, პავლე სიმონის ძე მცურავიშვილის შესახებ. 

როგორც ცნობილია, მოლდავეთის (ბესარაბია) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა იასა-კიშინოვის ბრძოლები. ამ ტერიტორიაზე იყო სოფელი სარატა-გალბენა. ძმათა სასაფლაოს მემორიალის გახსნაზე იყო მოწვეული ის ხალხი, რომლებიც  მონაწილეობდნენ ამ ომში. ჩემი იქ ჩასვლის შემდეგ გავიგე, რომ მამაჩემი ბრძოლების დროს ტყვედ  ჩავარდნილა. შემდეგ ტყვეობიდან გამოქცეულა და იქ მოქმედ პარტიზანებს შეერთებია. შემდეგ ეს პარტიზანები შეუერთდნენ იქ მოქმედ საბჭოთა სამხედრო ნაწილებს, რომლებმაც გაათავისუფლეს სოფელი სარატა-გალბენა და სხვა სოფლები. 

ამის შესახებ მიამბეს იქ მოწვეულმა სტუმრებმა, პარტიზანების შტაბის უფროსმა და აზერბაიჯანული პოლკის უფროსმა. უნდა აღინიშნოს სოფლის მცხოვრებთა კეთილი განწყობა სტუმრებისადმი , რომლებიც დიდ მადლობას გვიცხადებდნენ მათი განმათავისუფლებელი  ჯარისკაცების   არდავიწყების გამო.

დაახლოებით ასეთივე კარგი საქმე წამოიწყო გორის საპატიო მოქალაქემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა ვახტანგ ჭანკოტაძემ, რომელმაც გამოსცა წიგნები, სადაც გვიყვება იმ გორელებზე, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში. 

ერთ-ერთ წიგნში მოთხრობილია მამაჩემის შესახებ. გიგზავნით ამ ნაწყვეტის ასლს და გთხოვთ, გამოაქვეყნოთ.

 პატივისცემით,
 ანზორ მცურავიშვილი

 
დიდი სიამოვნებით ვასრულებ ბატონი ანზორის თხოვნას და მადლობას ვუხდი მას, ღირსეული მამის ღირსეულ შვილს, რომ თაობებს გადასცემს ხსოვნას წმინდა ომის შესახებ! მასალა გამოქვეყნებულია პორტალზე „დიდი სამამულო“. ჩემი მხრივ, ტრადიციულად, თხოვნით მივმართავ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მესვეურებს, ამ პოპულარულ გამოცემაშიც გამოქვეყნდეს ბატონი ანზორის წერილი და ბატონი ვახტანგ ჭანკოტაძის მოგონება პავლე მცურავიშვილზე - მშვიდობიან, მშრომელ ქართველზე, რომელმაც ომის დროს თავდაუზოგავად იომა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას, კაცობრიობის ხსნას ფაშიზმისაგან.

 
გულბაათ რცხილაძე

 
ვ. ჭანკოტაძის მოგონებიდან:

1941 წლის 22 ივნისს პავლე მცურავიშვილი, სხვა თანაოტლებთან და ძმასთან, ალექსისთან ერთად, გაიწვიეს ჯარში. ძნელი იყო მისთვის ახალგაზრდა ოჯახის მიტოვება, მაგრამ იგი გამარჯვებისა და მალე შინდაბრუნების რწმენით შეიარაღებული, ჩაება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ფესვებმოუმაგრებელ ოჯახში დარჩა ახალგაზრდა მეუღლე ვერა ნასყიდაშვილი და ექვსი წლის ერთადერთი ვაჟი - ანზორი.
პავლე მცურავიშვილი დაიბადა 1913 წლის 24 იანვარს ქ. გორში, სიმონ ალექსის ძე მცურავიშვილისა და ეკატერინე ივანეს ასულ კასრაძის ოჯახში. პავლეს მამა, სიმონი, დურგალი-მეავეჯე ყოფილა. ჰყავდა სამი ვაჟიშვილი - ალექსი, პავლე, გიორგი. პავლეს დედა, ეკატერინე კასრაძე დიასახლისი იყო. მის მამას, ივანეს, კაიკაცობითა და სიკეთით გამორჩეულ ადამიანს, ხალხმა მეტსახელად (თიკუნად) „წყალობა“ შეურჩია.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, პავლე მცურავიშვილი, ომის დაწყებამდე, მუშაობდა ბუღალტერ-მოანგარიშედ, პარალელურად კი სწავლობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტზე.

მესამე კურსზე იყო, როდესაც დაიწყო ომი.
პავლეს მეუღლე, ვერა ნასყიდაშვილი, ომის დაწყებამდე მოლარედ მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში.

პავლე მცურავიშვილის ხასიათში ბავშვობიდანვე მკვეთრად იყო გამოხატული სამართლიანობის ურყევი გრძნობა და სიჯიუტემდე მისული პრინციპულობა. იგი, როგორც ჭეშმარიტ ვაჟკაცს სჩვევია,  ცდილობდა, დამოუკიდებლად გაეკვლია გზა ცხოვრებაში. ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ მან, თავისი საკუთარი ოჯახის შექმნის პირველივე დღეებიდან, გადაწყვიტა ეცხოვრა ცალკე და საცხოვრებლად გადავიდა დაქირავებულ ბინაში იმ იმედით, რომ დაუღალავი შრომით მალე შეძლებდა საკუთარი სახლის აშენებას ან შეძენას.

ომის წლებში საყოველთაო გაჭირვებამ დაისადგურა ქვეყანაში. უჭირდა ყველას, მათ შორის, ომში წასული პავლეს ახალგაზრდა ოჯახსაც. პავლეს მამამ, სიმონმა თავისთან გადაიყვანა რძალი და შვილიშვილი ანზორი, რათა მზრუნველობა და პატრონობა არ მოეკლო მათთვის.

ფრონტიდან წერილები იშვიათად, მაგრამ მაინც მოდიოდა და ახლობელ-ნათესავები იგებდნენ ამბებს პავლეს შესახებ. 1944 წელს ბოლო წერილი მიიღო ოჯახმა, რომელშიც პავლე იტყობინებოდა, რომ იბრძოდა ბესარაბიის (ახლანდელი მოლდოვა) მიწაზე და მიიწევდნენ წინ, ფაშისტების ბუნაგისაკენ. ამ წერილის შემდეგ პავლეს შესახებ აღარავინ არაფერი იცოდა.

გადიოდა წლები, მაგრამ პავლეს შესახებ ოჯახმა ვერაფერი გაიგო. ასევე არ ჩანდა მისი უფროსი ძმა ალექსი. რაც შეეხება უმცროს ძმას, გიორგის, იგი დაჭრილი დაუბრუნდა მშობლებს.

გადიოდა დრო, პავლე არ ჩანდა. პავლეს მამამ, სიმონმა, გადაწყვიტა, გამოეყენებინა ბოლო შანსი და წერილით მიემართა სტალინისათვის (ერთ დროს მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთის გვერდით იდგა და მეზობლობდნენ. სიმონისა და სტალინის ბოლო შეხვედრა თბილისში შემდგარა, როცა სიმონი ხელობას სწავლობდა, ხოლო სტალინი სასულიერო სემინარიაში იმაღლებდა ცოდნას). მაშინდელ გორში რუსული ენის საუკეთესო მცოდნისათვის, ალექსანდრა (შურა) პოტაპოვასათვის უთხოვია წერილის ტექსტის შედგენა გულდამძიმებულ მამას. წერილის პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია. გორის სამხედრო კომისარიატში მოვიდა შეტყობინება, რომ პავლე მცურავიშვილი ითვლებოდა ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში.
მძიმე ტკივილმა დაიბუდა სიმონ მცურავიშვილის ოჯახსა და მის ახლობელთა გულებში.

წლები გადიოდა. ცხოვრება თავის გზას მიუყვებოდა. ამასობაში, პავლეს ერთადერთმა ვაჟიშვილმა, ანზორ მცურავიშვილმა, დაამთავრა ჯერ საშუალო სკოლა, შემდეგ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და როგორც ინჟინერმა, მუშაობა დაიწყო გორის ხელსაწყოთმშენებელ ქარხანაში, ე. წ. „ზუსტებში“. შემდეგ იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეობა და სხვა სამეურნეო საწარმოო ორგანიზაციები. მან მალე მოიპოვა განათლებული, მორიდებული, შრომისმოყვარე და ამღალი დონის ინჟინერის სახელი. იგი დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ფართო საზოგადოებაში.

ადამიანი იმედით ცოცხლობს და, მცურავიშვილების ოჯახიც, მრავალი წლის განმავლობაში, იმედით ცოცხლობდა, რომ პავლე აუცილებლად გამოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ამ იმედს გაცრუება ელოდა. 1969 წლის დასაწყისში ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ პავლე მცურავიშვილი განისვენებდა მოლდავეთის ერთ-ერთი სოფლის, სარატა-გალბენას სასაფლაოზე. იმედი სამუდამოდ ჩაიფერფლა. იმავე წლის მაისის პირველ რიცხვებში იტყობინებოდნენ, რომ 9 მაისს (გამარჯვების დღეს) იხსნებოდა მოლდავეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ობელისკი და იწვევდნენ მცურავიშვილის ოჯახს.
გაზეთ „გამარჯვებაში“ (#98, 1969 წ. 23 აგვისტო) ცნობილი ჟურნალისტი, ლ. ჭანკოტაძე, წერს:

„მაშ, პავლე აღარ არის, [...] აღარც ფიქრის დრო იყო, სამ დღეში ძეგლის გახსნა იყო დანიშნული, [...] იმძლავრა ცრემლმა. მუხლებზე დაეცა ქართველი ქალი, ოცდახუთი წლის მანძილზე ასე უმწიკვლოდ რომ ატარა მეუღლის ხსოვნა და დედობის მანდილი... „გორული მიწა მოგიტანე“ - უჩუმრად ჩაჰღაღადებდა მეგობარს. „წამოდექ, შეხედე, ცეროდენა ბიჭი დამიტოვე და რა ვაჟკაცი ჩამოგიყვანე“...

ასე დამთავრდა 31 წლის ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე. კიდევ ერთმა ქართველმა ჰპოვა სამუდამო სასუფეველი სხვა ქვეყნის მიწაში. მის შთამომავლობას კი ნუგეშად რჩება მეუღლისა და შვილის მიერ მის მკერდზე პეშვებად დაყრილი გორული მიწა.

პავლე მცურავიშვილს არასდროს დაივიწყებენ: შვილი ანზორი, შვილიშვილები მაია და ნინო (ექიმები) და შვილთაშვილები - ნიკა (ექიმი), გიორგი, ლუკა, სალომე, გვანცა და სოფო.

პავლე მცურავიშვილის ერთადერთი შვილი - ანზორ მცურავიშვილი

ანზორ მცურავიშვილი მოლდავეთში, სადაც მამის საფლავი აღმოჩნდა; 1969 წლის 9 მაისი

წლობით დაკარგული მეუღლის და მამის ხსოვნას პატივი მიაგეს - 9 მაისი, 1969

დრო, როდესაც ფაშიზმზე მებრძოლებისთვის პატივის მიგება დავას არ იწვევდა - 1969, 9 მაისი

 

 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება