ომში დაღუპული სამი ძმა და ნაცისტების ტყვეობაში გატარებული ოთხი წელიწადი

ინტერნეტ-რესურსი „დიდი სამამულო“, პროექტის - „ჩემი მამაცი წინაპარი“ ფარგლებში ამჯერად  აქვეყნებს ქალბატონების - ივეტა კობახიძის და ცისანა ლეკიშვილის მოგონებებს თავიანთი მართლაც რომ მამაცი წინაპრების შესახებ.

საქართველოს უსაზღვროდ მოყვარულმა 83 წლის ქალბატონმა ივეტამ თავისი გულისტკივილი გამანდო: სამი-ოთხი წლის წინ, როგორც ყოველ 9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მონუმენტთან მივიდა და შეესწრო ჩვენი ლიბერალ-ფაშისტების მიერ დადგმულ ამაზრზენ სკანდალს, როდესაც მოხუცებს, მათ შორის, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, ყველა ნორმალური ადამიანისთვის წმინდათა-წმინდა დღის ზეიმი არ აცალეს. ამ სამარცხვინო აქტს, როგორც ცნობილია, ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია და წლიდან წლამდე მეორდება. ლიბერალ-ფაშისტური „შაბაშის“ ზოგიერთი „შემოქმედი“ დღეს, სხვათა შორის, პარლამენტში ზის - ხელისუფლების მიერ ნალოლიავები „ოპოზიციის“ სტატუსით. 

თუმცა ამაზე სხვა დროს იყოს. ახლა კი ქალბატონი ივეტას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაგაცნობთ თავისი მეომარი წინაპრების შესახებ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა რაჭველმა კაცმა - ვარდენ კობახიძემ კოლხ ქალიშვილ, არმიდა პარკაიასთან ერთად ოჯახი შექმნა. მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, 1941 წელს, სამივე ვაჟი ფრონტზე გაიწვიეს, მცირე ხნის შემდეგ კი მათი და - ექთანი ქეთო კობახიძეც ომში წავიდა.

უფროსი ძმის, ჟორა (გიორგი) კობახიძის გარდა, რომელმაც შურა ჯიქიძეზე იქორწინა, ოჯახი არც ერთ მათგანს არ ჰყავდა. ამ ოჯახში გაჩნდა ივეტა კობახიძე, რომელსაც ერთი ძმა ჰყავდა (გარდაიცვალა მოსკოვში 2010 წელს). ჟორა კობახიძე ავიაციით იყო გატაცებული და სამხედრო მფრინავის ხელოვნებას ეუფლებოდა ბათუმის აეროკლუბში, სადაც არაერთი კარგი პილოტი მომზადდა. ომშიც, შესაბამისად, პილოტის ფუნქციას ასრულებდა. ლენინაკანში განლაგებული ავიანაწილი ომის დროს, კობახიძესთან ერთად, უკრაინაში იქნა გადასროლილი. სწორედ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების დროს დაიღუპა მამაცი ქართველი მფრინავი - ჟორა კობახიძე, რომელიც იმხელა ავტორიტეტით სარგებლობდა თანამებრძოლებში, რომ მათ დაღუპულის ტანსაცმელი მის ოჯახს გადმოუგზავნეს, სახელმწიფომ კი სიკვდილის შემდეგ სამამულო ომის ორდენით დააჯილდოვა.

ომიდან ვერ დაბრუნდნენ ჟორას უმცროსი ძმები - ბონდო და ღუღუნი კობახიძეები. სამი მებრძოლი ძმა, სამი ქართველი გმირი, სამი ტრაგიკული ბედი... ბებიამ, ქალბატონმა არმიდამ, ვერ გაუძლო ამ დარტყმას - 1945 წელს მას ინფარქტი დაემართა, 1949 წელს კი გარდაიცვალა...
ტრაგიკული აღმოჩნდა ქ-ნი ივეტას დედის მხრიდან ბიძის, შოთა ჯიქიძის ბედიც - ომიდან ცოცხალი არც ის დაბრუნებულა... ომშივე დაიღუპნენ უფროსი დეიდის მეუღლე - ვალოდია კილაძე და მისი ორი ძმა.

ასე და ამრიგად, ერთმა ოჯახმა შვიდი ვაჟკაცი შესწირა სამშობლოს...
 

* * *

 
ქალბატონი ცისანა ლეკიშვილი გორიდან გამომეხმაურა, რომელმაც თავის მამაზე, შალვა ლეკიშვილზე მომაწოდა ინფორმაცია. 
შალვა ილიას ძე ლეკიშვილი დაიბადა 1906 წლის პირველ აპრილს გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში , ილია ლეკიშვილისა და მარიამ ლალიაშვილის ოჯახში. შალვას მამა იყო ხელოსანი და დაუღალავი შრომით არჩენდა ოჯახს.  შალვამ პირველი დაწყებითი განათლება მიიღო გორის მეოთხე ე.წ  შრომის სკოლაში. მისი თანაკლასელები იყვნენ გიორგი ხარაული (გორის პედ. ინსტიტუტის დირექტორი), ლ. ხარატიშვილი (აღმასკომის თავმჯდომარე, კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი), ა. ბოჭორიშვილი (საქართველოს განათლების მინისტრი), ნ.ყაველაშვილი (შახტმშენის მთავარი ინჟინერი) და სხვები.  შალვა ლეკიშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კურსები ეკონომისტის რანგში და მუშაობდა გორის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მთავარ ეკონომისტად. 1931 წელს შალვა ლეკიშვილმა შექმნა ოჯახი თამარ ფოცხვერაშვილთან ერთად.  ოჯახში აღიზარდა 3 ქალიშვილი: ლილი, ცისანა (ნაზიბროლა) და მერი ლეკიშვილები. საზოგადოებას ალამაზებენ მისი შვილები და შვილიშვილები (თინა, გიორგი, მაია) და შვილთაშვილები (დათო, ანა, ნინო, ლუკა). 

სამამულო  ომის დაწყებისთანავე , პირველ დღეებში შალვა მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და სულ მალე აღმოჩნდა ფრონტზე. გარდა ჯარისკაცობის პირდაპირი მოვალეობისა, მას, როგორც ეკონომიკის სპეციალისტს, დაკისრებული ჰქონდა საჯარისო გაერთიანებაში სამეურნეო საკითხების მოგვარება, მის გამგებლობაში შედიოდა ჯარისკაცთა კვების უზრუნველყოფა. ფრონტიდან მიღებული წერილებიდან ჩანდა, რომ მისი საქმიანობით კმაყოფილი იყვნენ , როგორც სამხედრო, ისე სამეურნეო სფეროების ხელმძღვანელები. 

ქალაქ ქერჩთან წარმოებული დაუნდობელი ბრძოლებისას, შალვა, სხვა  თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ ჩავარდა და ეს ტყვეები ფეხით ატარეს ფაშისტებმა დიუსელდორფის საკონცენტრაციო ბანაკამდე, სადაც თითქმის 4 წელი გაატარა მძიმე შრომასა და ვაებაში. მის თვალწინ ხდებოდა პატიმრების დახვრეტა და წამება. ქ-ნი ცისანა იგონებს, რომ მამა ჯარში 103 კგ წავიდა, ხოლო სახლში რომ დაბრუნდა, 48 კგ-ს იწონიდა. ბავშვები მამას ვერ ცნობდნენ და ამის გამო სამივე ტიროდა. 

შალვა ომის დამთავრების შემდეგ სახლში დაბრუნდა 1945 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ტყვეებმა თვითონ გაანგრიეს საკონცენტრაციო ბანაკის კარები და ფეხით გაუდგნენ სამშობლოსკენ მიმავალ გზას. შ. ლეკიშვილი დაჯილდოებული იყო ორდენით. ომის შემდგომ მშვიდობიან წლებში, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. გარდაიცვალა 1974 წლის 30 ოქტომბერს, 68 წლის ასაკში.  დაკრძალულია ქ. გორის კვერნაკის სასაფლაოზე.
 

გულბაათ რცხილაძე
მფრინავი ჟორა კობახიძე
მამის წერილებს მისი ქალიშვილი, ივეტა კობახიძე, სათუთად ინახავს
ფრონტზე მოხალისედ წასული შალვა ლეკიშვილი (შუაში)
ომის ვეტერანი შალვა ლეკიშვილი (მარჯვნიდან მეორე)
 
 


© Didisamamulo.ge
დაბრუნება